|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული მასშტაბური პროექტები 2019 წლის ბიუჯეტში ვერ მოხვდა

ქუთაისის მერის მიერ 2018 წელს დასაწყისში დაანონსებული მასშტაბური პროექტები 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ვერ მოხვდა. საქმე ეხება გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციას, ასევე ასსაფეხურიან კიბესა და მდინარე რიონზე საფეხმავლო ხიდის მოწყობას, რომელიც გაპონოვის ქუჩას ბოტანიკურ ბაღთან დააკავშირებს. 

პროექტები 2018 წლის ბიუჯეტში უნდა ასახულიყო, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მუშაობა არც დაწყებულა, მერიამ წლის განმავლობაში სხვა პროექტებიც გააჟღერა, მათ შორის რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია. 

პროექტები თავიდანვე  პოპულისტურად შეაფასეს ოპოზიციაში, აცხადებდნენ, რომ ეს გუნდი, რომელიც ქალაქის მერიაშია წარმოდგენილი, ვერ შეძლებდა ასეთი მასშტაბების პროექტების შესრულებას. 

ოპონენტების ბრალდებას მერიაში ბრალდებითვე პასუხობდნენ და აცხადებდნენ, რომ ოპოზიცია მერიის დისკრედიტაციას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობდა. 

ჩამოთვლილი პროექტებიდან არცერთია ასახული 2019 წლის ბიუჯეტის პირვანდელ პროექტში, რასაც ხელისუფლების ქუთაისისადმი არასათანადო დამოკიდებულებით ხსნიან ოპოზიციაში და ირწმუნებიან, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი 2 მილიონით არის შემცირებული. 

მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე აცხადებს, რომ ჩამოთვლილი პროექტები არ არის ბიუჯეტში. ის ვერ ადასტურებს, ჩამოთვლილი პროექტები შეტანილია თუ არა რეგიონული განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტთა სიაში. მისი მტიცებით, პროექტები, სავარაუდოდ, ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ნიშნიანიძის თქმით, 2019 წელს ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის ქუთაისის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვლილი.

მერიაში განმარტავენ, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია გაპონოვის ქუჩის და ასსაფეხურიანი კიბის პროექტირება.  

ოთხი მასშტაბური პროექტიდან მხოლოდ რიონისპირა სახლების პროექტის შესახებ ისაუბრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ამუშავებს ისეთ პროექტებს, როგორიცაა ქუთაისის ისტორიული უბნის - რიონის სანაპიროზე განლაგებული მე-19 საუკუნის ნაგებობების რეაბილიტაცია. მინისტრს თანხების შესახებ არ უსაუბრია, თუმცა მერიის ბოლო მონაცემებით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქუთაისში მოხდება ასევე  სამხატვრო გალერეას რეაბილიტაცია, თუმცა ამ დრომდე უცნობია ამ პროექტის ღირებულება და მისი განხორციელების ვადები.

ქუთაისში ისტორიული უბნისა და დავით კაკაბაძის სახელობის გალერეას რეაბილიტაცია დაიწყება

  ფოტო- სოციალური ქსელიდან

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი