|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მაყურებლის კრიტიკას მოკლებული ვართ"-ირინა გუბელაძე

საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" აგრძელებს მკითხველისათვის ქუთაისელი თეატრალებისა და მათი  საქმიანობის გაცნობას. ამჟამად ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობს ირინა გუბელაძეს წარმოგიდგენთ.

ირინა გუბელაძემ თეატრით ბავშვობიდან დაინტერესდა. პროფესიადაც მსახიობობა აირჩია და არაერთი როლი მოირგო. ამბობს, რომ ყველა როლი დასამახსოვრებელია, თუმცა განსაკუთრებული სითბოთი ექსპერიმენტულ სპექტაკლ "მოგონებანზე" საუბრობს, სადაც მისი პედაგოგის ოცნება აასრულა. 

-როდის მიხვდით, რომ თეატრალური ცხოვრება გიზიდავდათ?
-ამას ბავშვობაში მივხვდი. ახლაც არ ვიცი,  ვისი სპექტაკლი იყო,  ახალციხის თუ ახალქალაქის. სატელევიზიო ვერსია ვნახე "მერხებთან ანგელოზები სხედან"- ამ სახელწოდებით. მაშინ ჩვენ პიონერთხელმძღვანელთან მივედი და ვკითხე,  ჩვენთან ეს რატომ არ არის მეთქი?  მითხრა, რომ მე შენ მიგიყვან ერთ კარგ ადგილასო და წამიყვანა მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მაშინ  13 წლის ვიყავი. ბატონ ავთო სახამბერიძის სტუდიაში სამი წელი ვსწავლობდი. შემდეგ თეატრალური სტუდიის ლიმიტირებულ ჯგუფში მოვხვდი და თეატრალურზეც ჩავაბარე,  ბატონ გივი სარჩიმელიას ჯგუფში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე.

-მესხიშვილის თეატრში თქვენი საქმიანობის შესახებ რისი თქმა შეგიძლიათ?
-მესხიშვილის თეატრში 1995 წლიდან ვარ. ჩემი პირველი როლი იყო თამრო "ნაცარქექიაში", სადაც ქალბატონი  ლალი ბასილაძე შევცვალე. ეს როლი ჩემთვის დასამახსოვრებელი გახდა, რადგან აქ არსებობდა ცნება  - ბატონი ერემო სვანიძე თუ შეგაქებდა და იტყოდა, რომ კარგი ხარ, ესე იგი, მართლა კარგი იყავი. ბატონი ერემო "ნაცარქექიაში" თამაშობდა და მეც განსაკუთრებულად ვნერვიულობდი, სპექტაკლის ბოლოს მოვიდა და შემაქო.  შემდეგ იყო ჩემი დებიუტი სპექტაკლში "ჯერ დაიხოცნენ,  მერე იქორწინეს". ამ დროს დავქორწინდი და 7 თვის ფეხმძიმე კვლავ სცენაზე ვიდექი.

-როგორც ვიცით, თქვენი შვილიც მსახიობია. იქონია თუ არა დედის პროფესიამ მასზე გავლენა?

-ნიკუშას დედაც მსახიობი ჰყავს და მამაც. მე როცა ვთამაშობდი,  ნიკა 40 დღის იქნებოდა,  ბუნებრივ კვებაზე იყო და კულისებში დიდ სავარძელზე ეძინა, შუალადებში. მე არ ველოდებოდი,  რომ ნიკა ჩემ პროფესიას აირჩევდა. სულ სხვა რამეებით იყო დაინტერესებული. 15 წლამდე მეგონა, რომ თეატრთან კავშირი არ ექნებოდა, უფრო ტექნიკური საგნებით იყო დაინტერესებული. შემდეგ ბულგარეთში გერმანულენოვან სპექტაკლში ითამაშა და გაუჩნდა სურვილი, მსახიობი გამხდარიყო და ბატონ თორნიკე მარჯანიშვილს მიებარა. კარგი ბიჭია, ვნახოთ, როგორი მსახიობი იქნება.

-თუ არის ისეთი როლი, რომელიც განსაკუთრებულად გახსოვთ?
-არ შეიძლება არსებობდეს როლი, რომელიც განსაკუთრებულად არ დაგამახსოვრდება. თუ ერთი საათით, თუნდაც სარკის წინ მაინც ვითამაშე, ის როლი უკვე ჩემია და მთელი ცხოვრება მემახსოვრება. იმდენად შენი უნდა გახდეს როლი, რომ ყოველთვის გახსოვდეს. 

-ექსპერიმენტულ სპექტაკლში ითამაშეთ, "მოგონებანის" შესახებ რას იტყვით ?
-"მოგონებანი" არის სპექტაკლი, რომლითაც ჩემ გამზრდელ პედაგოგს ოცნება ავუსრულე. მიუხედავად იმისა, რომ მას დრამაში არ უმუშავნია, სულ თოჯინებში მუშაობდა,  სურდა დრამა გაეკეთებინა, ამ დროს 87 წლის იყო.  ვუთხარი, რომ მე ვითამაშებდი მის სპექტაკლში. თეატრის სარდაფში, სცენის ქვეშ მანამდე არავის ეთამაშა. სივრცის ათვისების იდეა ენდი ძიძავას ეკუთნოდა. განსაკუთრებული სპექტაკლია, რომელსაც ვერასდროს შეველევი. გვინდა, სხვაგან ვითამაშოთ, თუმცა მსგავსი სივრცე არსად  არის. სპექტაკლის ბოლოს გარდაცვლილი თეატრალების ხმები ისმის.  ერთი წელი ისე ვითამაშე, მხოლოდ სხვების ხმები ისმოდა. არ ვიცი, შემდეგში როგორ ვითამაშებ "მოგონებანში", რადგან მეცოდინება, რომ უკვე ამ  ხმებს ჩემი საყვარელი პედაგოგის ხმაც მიემატება. ამას როგორ გავუძლებ, არ ვიცი. 

-რას ნიშნავს თქვენთვის მაყურებლის რეაქცია?
-ჩვენ, მსახიობები, მხოლოდ მაყურებლისთვის ვთამაშობთ. მე აქ საგრიმიოროში დღეში რამდენიმე როლი შემიძლია შევასრულო, ვინც მინდა ის ვიქნები, თუმცა ვითამაშებ მხოლოდ საკუთარი თავისთვის,  მაგრამ სცენაზე მხოლოდ მაყურებელს ეკუთვნის შენი თამაში და მისთვის არის ყველაფერი. თუმცა კრიტიკას ვართ მოკლებული მაყურებლისგან. ურჩევნიათ შეგაქონ და ტკბილად გესაუბრონ, თუმცა ეს სიტკბო ბოლოს მწარდება ჩვენთვის. მირჩევნია, გულწრფელად მითხრან, სად ვიყავი კარგი და სად შემეშალა. 

-სამომავლო გეგმების შესახებ რა შეგიძლიათ თქვათ?

-მე საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ და ერთ ადგილზე, უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. ჩემ უბანში, აღმაშენებლის გამზირზე,  გავხსენი სკოლა ბავშვებისთვის.  დარბაზი უფასოდ დაგვითმეს, სადაც მე და ქალბატონი მაგდა ჩიხლაძე ბავშვებს უსასყიდლოდ ვასწავლით სამსახიობო ოსტატობას. მე პირადად და ბევრი ჩემი თაობის წარმომადგენელი სწავლაში თანხას არ ვიხდიდით. სტიპენდია მქონდა და სახელმწიფო თვითონ მიხდიდა. ახლა კი გადასახადი დიდია და შეიძლება ისეთმა ადამიანებმა ვერ ისწავლონ, რომელთაც დიდი მომავალი ექნებათ. მინდა, რომ მათ ასპარეზი შევუქმნა. მინდა ქუთაისში შეიყვარონ თეატრი, გაუჩნდეთ თამაშის, აქ ყოფნის სურვილი ჰქონდეს. 
რაც შეეხება პირად გეგმებს, ცოტა ხნით ვაპირებ თეატრიდან წავიდე. რამდენიმე თვე, სხვა საქმეს ვაკეთებ. მირჩევნია,  რამდენიმე თვე ხელფასზე უარი ვთქვა და სხვა საქმე ვაკეთო, ვიდრე თავისუფლად და უმოქმედოდ ვიყო და ამაში გადამიხადონ. რამდენიმე თვით სკოლიდანაც წავალ და იმედი მაქვს,  ჩემი წასვლა საინტერესო იქნება. 


ავტორი: ხატია ბანძელაძე