ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკის დირექტორად ვიცე-გუბერნატორის მეუღლე ინიშნება
ქუთაისის მერიასა და მის ააიპებში დაწყებული რეორგანიზაციის პროცესი, სავარაუდოდ, მერიის კუთვნილ შპს-ებში გაგრძელდება.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, საკადრო ცვლილება იგეგმება მეოთხე პოლიკლინიკაში, რომლის დირექტორად იმერეთის ვიცე-გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის მეუღლე ნინო ჩალაძე დაინიშნება. ინფორმაციას ქუთაისის მერიაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ნინო ჩალაძე პროფესიით ექიმია და 17 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამ პოსტზე ირაკლი ბრეგაძეს შეცვლის.
გრიგოლ დალაქიშვილის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში, მის მეუღლეს ნინო ჩალაძეს მიმდინარე წელს სამსახურებრივი სარგო არ უფიქსირდება. დეკლარაციის მონაცემებით, ნინო ჩალაძის სახელზე ფიქსირდება 42 000 აშშ დოლარად შეფასებული ბინა თბილისში, 35 000 აშშ დოლარად შეფასებული ბინა ქუთაისში და კომერციული ფართი ქუთაისში.
ფაქტს ადასტურებს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი. მისი განცხადებით, მისი მეუღლე გამოცდილებით შეირჩა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი