|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მერიაში გვითხრეს, „ორმაისობის“ ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო"

ბოლო დღეებში მსახიობების შრომის ანაზღაურება აქტიური განხილვის თემა გახდა. "ნიუპრესი" მესხიშვილის თეატრის მსახიობს გიგა მიქაძეს ესაუბრა, რომელიც მსახიობობასთან ერთად ხშირად რეჟისორის ამპლუაშიც გვევლინება.

 

-მსახიობების შრომითი ანაზღაურების თემა აქტუალური გახდა, რამდენად არსებობს ეს პრობლემა ქუთაისში ?

- პრობლემა ჩვენთანაც არსებობს, ვინაიდან იმ თანხით, რაც გვაქვს, არსებობა შეუძლებელია.  ძალიან დიდ შრომას ვდებთ ჩვენს საქმეში და სასაცილო ანაზღაურება გვაქვს. ზოგადად,  სპეციფიური სამსახურია, მაგალითად ერთ სეზონში, შესაძლოა, რამდენიმე სპექტაკლი დაიდგას და იმ სპექტაკლიდან მოხვდე ერთი, ან ორში. წელს მაგალითად, მე უფრო მეტი დატვირთვა მაქვს.

-თქვენ როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი სფეროთი არ შემოიფარგლებით და სხვადასხვა ამპლუაში გვევლინებით...

- დიახ, მაქვს კერძო პროექტები,  დავაფუძნე საკუთარი ააიპი "შშმ პირების დამოუკიდებელი თეატრი". მყავს რამდენიმე კარგი ბავშვი და სპექტაკლიც მოვამზადეთ უკვე. ვაპირებთ საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობას. ძალიან მინდა, რომ ეს ბავშვები ჩემთან მყავდეს, დავასაქმო, მივცე ანაზღაურება.

-„ორმაისობასთან“ დაკავშირებით ღია სივრცეში ექსტრემ შოუს მოწყობას აპირებდით, რომელიც მერიამ არ/ვერ დააფინანსა, ამის შესახებ რას გვეტყვით?  

- დიახ, „ორმაისობას“  "ექსტრემ შოუს" რომელშიც  მონაწილეობას სხვებთან სკეიტერებიც მიიღებდნენ.  ეს ახალგაზრდები რამდენიმე თვის წინ გავიცანი. არიან  როლერები, სკეიდერები, პარკურისტები, მათ ყურადღებას არ აქცევს,  მე ძალიან მომეწონენ ისინი და შევთავაზე, რომ “ორმაისობისთვის“  შოუ მოგვემზადებინა. ვუთხარი,  რომ დავანახებთ შედეგს, შემდეგ სკეიტ პარკსაც ააშენებენ-მეთქი.

მერიაში გვითხრეს, რომ „ორმაისობის“  ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო. ბავშვებს ძალიან ეწყინათ, თუმცა რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრე და მითხრეს, რომ კერძო სპონსორი გამოუჩნდათ და ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის. იმედი მაქვს, თავის საწადელს აიხდენენ და სკეიტ პარკი ექნებათ, რაც შეეხება ჩვენს შოუს, აღარ შედგება.

-სამომავლოდ რა გეგმები  გაქვთ?

-სამომავლოდ, ღია შოუს გაკეთებას ვაპირებ. მინდა ისეთი სანახაობა მოვამზადო, რომ სპეციალური სივრცე არ სჭირდებოდეს და მისი ჩვენება  ნებისმიერ სივრცეში შესაძლებელი იყოს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება სპექტაკლის ღია სივრცეში  წარდგენა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში განვახორციელებ ამ იდეას.

 

 მსგავსი:

როგორია მსახიობების საშუალო ხელფასი ქუთაისში?

"ქვეყნის სირცხვილია, როდესაც ხელოვანი ადამიანები მსგავსი პრობლემების წინაშე არიან"

გაგრძელდება თუ არა პროტესტის ტალღა ქუთაისის თეატრებში?

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა