|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“მეტი კაფე და სასტუმრო“- ისტორიული უბანი ჩაკეტილ წრეში

როგორ უნდა განვითარდეს ქუთაისის ისტორიული ნაწილი, რომ ქალაქმა თავისი იერსახე არ დაკარგოს და ტურისტებისათვის  უფრო მიმზიდველი გახდეს- ამ საკითხით „ნიუპრესი“ დაინტერესდა.

ქალაქის ისტორიული ნაწილის ცვლილებები სენსიტიური თემაა ქუთაისელებისათვის. საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, ქალაქის ისტორიულ ნაწილში მაინც აიგო „არგოსა“ და „მაკდონალდსის“ შენობები. ამჯერად, ქუთაისის თვითმმართველობას აუქციონზე გასაყიდად გამოაქვს რიონის სანაპიროზე მშენებარე "არგოსა" და რუსთაველის ხიდს შორის არსებული ადგილი 120 კვ მეტრი ტერიტორია.

აღნიშნული საკრებულოს სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ გააპროტესტა. მან ქალაქის ხელმძღვანელობა „არგოს“ მფლობელების ბიზნესის მფარველობაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, „არგოს“ თანამფლობელი საკრებულოს საკრებულოს მოადგილე და ამჟამად მმართველი პარტიის ადგილობრივი საარჩევნო შტაბის უფროსი ნიკა ლატარიაა.

 "თავის დროზე საზოგადოების წინაააღმდეგობა გამოიწვია "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ კაფე-ბარის  მშენებლობისათვის ტერიტორიის გადაცემამ. ამის მიუხედავად, მერიამ პოზიცია არ შეიცვალა და აიგო უსახური შენობა, ახლა კი დარჩენილი ტერიტორია გასაყიდად გამოაქვს, რომელსაც ცხადია, "არგოს"  მფლობელი ნიკა ლატარია შეიძენს. 

თავის მხრივ, ქალაქის მერი შოთა მურღულია ადასტურებს, რომ ტერიტორიის შეძენის სურვილი ნამდვილად გამოთქვეს „არგოს“ მფლობელებმა.

 „რა პრობლემაა, ვერ ვხვდები- თუ „არგო“ იყიდის, „არგომ“ იყიდოს, ბიუჯეტში ფული შემოიტანოს", - განაცხადა შოთა მურღულიამ ნატო ქათამაძის პასუხად.  მოხდება თუ არა ადგილზე რაიმეს აშენება,  ეს აუქციონის პირობაში არ ჩაიდება, თუმცა, როგორც ქალაქის მერი თვლის, ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, იქ რაიმეს აშენება გაჭირდება.

"შესაძლოა, მაგიდა დადგან, ან სტუმრებს მოემსახურონ, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუ ვინმე ფულს დებს, აკეთებს,  ხალხს ასაქმებს, მე არა მგონია, რომ ხელი უნდა შევუშალოთ",-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ცხადია, რომ ქალაქის ისტორიული ნაწილი როგორ განვითარდება, ეს ჩაკეტილ წრეში არ უნდა წყდებოდეს და არც იმაზე იყოს დამოკიდებული, ვინ დაასწრებს ტეროტორიის შეძენას და ვინ მეტ ფულს გადაიხდის.

პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობის მომხრეა მოქანდაკე გიორგი ლომთაძე. დავით კაკაბაძის სახელობის ხელოვნების გალერეის დირექტორის მოადგილემ  საზოგადოებას წარუდგინა პროექტი, რომელიც  ამ ტერიტორიის განვითარების მისეულ ხედვას წარმოადგენს. პროექტი რიონზე დინოზავრების სკულპტურის ჩადგმას გულისხმობს.

"გასაგებია, დინოზავრების ლეგენდა არსებობს, მაგრამ მას ტურისტი ვერ დაინახავს, საჭიროა, ქალაქში მეტი ადგილი იყოს, რომელიც მნახველზე შთაბეჭდილებას მოახდენს და დაამახსოვრდება, ისტორიული ძეგლები გვაქვს, ღვთის წყალობით და ჩვენი წინაპრების ღვაწლით, მაგრამ  საჭიროა ისტორიის გაგრძელება, არაორდინალური პროექტები კი ჩვენს ქალაქს აკლია", -განაცხადა ლომთაძემ.

პროექტი, რომელიც მან უკვე დაიპატენტა, სამი დინოზავრის თეთრ ქვებზე განთავსებას გულისხმობს.  წყლის დონის ცვალებადობასთან ერთად დინოზავრები მდინარეში ხან გაუჩინარდებიან, ხან კი გამოჩნდებიან.  დინოზავრის ფიგურა 5 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს.  ავტორის ჩანაფიქრით, მის მხრებზე პატარა ბიჭის ფიგურა უნდა მოთავსდეს, რომელიც თითქოს მდინარიდან გამოყავს. ფიგურების განათება კი იმგვარად უნდა მოხდეს, რომ სასურველი ეფექტი შეიქმნას.

 ლომთაძის თქმით, მსგავსი კონსტრუქციის დამაგრება, ისე, რომ მდინარის დინებამ არ წაიღოს, შესაძლებელია. 

როგორც ყველა პროექტი, რიონში მოცურავე დინოზავრების პროექტის განხორციელებაც დაკავშირებულია ხარჯებთან, თუმცა ავტორი მიიჩნევს, რომ ასეთ საქმეში დაბანდებული ფული ქალაქს უკან დაუბრუნდება. მისი თქმით, შესაძლოა, პროექტით სპონსორის დაინტერესებაც.

ქუთაისის განვითარების  საკუთარი კონცეფცია აქვთ შალვა და ესმა ხეცურიანებს, რომელიც მკითხველს ჩვენი სააგენტოს მეშვეობით გავაცანით. კონცეფცია სამი ძირითადი თემისაგან  შედგება, ესა "არგონავტიკა, ცისფერყანწელები, ღვინო - გასტრონომია".  

„რატომაც არა, გუგლში“ „არგონავტებს“ რომ ჩავწერთ, ქუთაისი უნდა ვარდებოდეს, ამაზე ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ არგონავტების გემი, რომელიც ტიმ სევერინმა ააგო, ჩამოვიყვანოთ და რიონში ჩავსვათ, სადაც რიონის კალაპოტი ფართოა, ხარების ეკლესიისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიებს შორის, ან "თეთრ ხიდთან", სადაც საფეხურებით მდინარეში ჩასასვლელია -"ოქროს ჩარდახთან".  - ამბობს ესმა ხეცურიანი.

როგორც მისი მეუღლე შალვა განმარტავს, არგონავტიკისა და ცისფერყანწელების თემას, რომლის  ინსპირაცია ესმასგან მიიღოთავად  ღვინო - გასტრონომია დაუმატა.  მისი თქმით, მისი თქმით, ესაა სამი ძირითადი "მაგნიტი", რომელიც ქალაქის და მხარის მიზიდულობას გაზრდის. 

"ჩვენ ქალაქს ვთავაზობთ (ვთავაზობდით 3 წლის წინ და ახლაც მზად ვარ, ეს გავაკეთო), განვახორციელოთ არგონავტიკის კონცეფცია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ცენტრალური ხელისუფლების მონაწილეობით. ქალაქის კონკრეტულ ადგილებში ამ მითის 20-მდე სხვა და სხვა გამოხატულება უნდა შეიქმნას, რომელიც მოიცავს ჩვენს ისტორიას, როგორც კოლხეთის, ისე შემდგომი პერიოდის, მათ შორის არქიტექტურულ-სკულპტურული ინსტალაციები, არგონავტიკის ძეგლი, მედეას ბაღები, ღვინის შადრევანი...   ჩვენი ამ იდეის შესახებ ვსაუბრობდით ზურაბ წერეთელთან, რომელმაც გაგვიყვანა და გვაჩვენა არგონავტიკის სამმეტრიანი ქანდაკება - ეს არის მაკეტი,  ქანდაკება 21 მეტრი უნდა იყოს. მან  განაცხადა, რომ ამას გვჩუქნის ჩვენ ქუთაისისთვის.  ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადგილობრივი ხელისუფლება. თუ ამის სურვილი იქნება, ეს ქანდაკება უნდა დაიდგას ქუთაისში და არა სხვა ქალაქში (სხვა ქალაქებსაც აქვთ ამ ქანდაკების დადგმის სურვილი და პრეტენზია), როგორც არგონავტიკის კონცეფციის ნაწილი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კონცეფცია უნდა განხორციელდეს  სრულად და არა მისი ცალკეული ნაწილები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მთლიანობა დაირღვევა, ცალკე გემს, ძეგლს, ან ბაღებს ის დატვირთვა არ ექნება, რაც გულისხმობს ქუთაისის, როგორც არგონავტიკის დედაქალაქის მსოფლიო რუქაზე მონიშვნას", -ამბობს შალვა ხეცურიანი.

 

მისი თქმით, "ამ კონცეფციის განვითარებისათვის საჭიროა შეიქმნას შესაბამისი ადგილები, ივენთები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქნება განაწილებული, მაგალითად, 4 დღიანი არგონავტიკის ზეიმი, რომელიც დატვირთული იქნება ღონისძიებებით და ნივთები, რომელიც ამ თემას უკავშირდება. ამოცანაა, რომ ქუთაისი დამკვიდრდეს არგონავტიკის დედაქალაქად, მეორე - ცისფერი ყანწების თემა, ეს არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა - მთელი ეპოქა შექმნეს ამ ადამიანებმა...  ამას ემატემა ღვინო-გასტრონომიის თემა, იმერეთს ამ მხრივ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი ოჯახიც 1998 წლიდან ჩართულია ამაში", - აღნიშნავს შალვა.

აღნიშნული იდეების განხილვა და მათით დაინტერესება არსად ხდება, მერიას მარტივი პასუხი აქვს - „საინტერესოა, მაგრამ ფინანსები ჭირდება“.

ქუთაისის მერიას მთავარი არქიტექტორი რამდენიმე წელია რომ  არ ყავს და ქალაქის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამხახურს სრულად სხვა პროფესიის ადამიანი ხელმძღვანელობს, ეს უკვე კარგად ცნობილი ფაქტია.

 კითხვაზე, არსებობს თუ არა ქუთაისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფცია და ხომ არ სჯობს ასეთ ადგილებზე რა განთავსდება, ამას კომპეტენტური პირებისაგან შემდგარი კომისია წყვეტდეს, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ არსებობს ქალაქის განვითარების გენგეგმა, რომელიც, თავის მხრივ, შეიცავს ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარების გეგმასაც, ხოლო აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით ხდება.  „ამ თემაზე კომპეტენტური არის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და არა ქუთაისის მერია. მათ გაცილებით კომპეტენტური, ძლიერი და მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები ყავთ“-განაცხადა მურღულიამ.

მერის განცხადებით, ქალაქის ისტორიული ნაწილის განვითარებისათვის გეგმაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული რიონისპირა ნაწილების ტურიზმის მიზნით გამოყენება, „რაც შეიძლება მეტი სასტუმრო, კაფე.. არქივსაც თუ გადახედავთ, ნახავთ, სულ რიონის პირას იყო გახსნილი კაფეები და რესტორნები“, -აღნიშნა შოთა მურღულიამ.

განვითარების გეგმის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს  შპს „გაბაშვილის პარკის“ მმართველი კახა კუხიანიძე. პარკის მფლობელობაშია „თეთრ ხიდთან“ არსებული „ვერიკო ანჯაფარიძის პარკიც“, რომელიც დამსვენებლებს დამშრალი შადრევნით ხვდება. კუხიანიძის განცხადებით, შადრევნის ექსპლუატაცია ძვირი ჯდება, რის გამოც გამორიცხული არაა, ის გადააკეთონ, ან საერთოდ გააუქმონ, ადგილზე კი მომგებიანი ობიექტი განათავსონ.

„განვითარების გეგმის შესახებ არაფერი ვიცი, თუ თქვენ იცით, მეც მაჩვენეთ, რაც შეეხება შადრევანს, შესაძლოა,  გავაუქმოთ, რადგან ხარჯიანია და, ტექნიკურად და ფინანსურად ვეღარ ვუზრუნველყოფთ მის ფუნქციონირებას სისტემატიურ რეჟიმში, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ, ერთერთი ვარიანტია შადრევნის ტიპაჟის შეცვლა, მეორე ვარიანტია, შადრევნის ლიკვიდაცია და მის ადგილზე მომგებიანი ობიექტის გახსნა, რადგან ავტომატურად ხდება ამ ტერიტორიაზე ტურისტების თავმოყრა“,-განაცხადა კახა კუხიანიძემ.

როგორ განვითარებას ჰპოვებს ქალაქის ისტორიული ადგილი, ამას დრო გვიჩვენებს, ამ ეტაპზე კი ტურისტებისათვის მთავარ მიზიდულების ადგილად „თეთრი ხიდი“  და მასზე განთავსებული „პიკასოს ბიჭის“ სკულპტურა რჩება. ჩვენი დაკვირვებით, ყველაზე მეტი ფოტო ქუთაისში სწორედ "პიკასოს ბიჭთანაა" გადაღებილი, რომელიც არც თუ ისე ძვირიანი, თუმცა გემოვნებით შესრულებული პროექტია.

 

მსგავსი:

დინოზავრები თეთრ ხიდთან - პროექტი დაპატენტებულია

„გუგლში“ „არგონავტებს“ რომ ჩავწერთ, ქუთაისი უნდა ვარდებოდეს"

სჭირდება თუ არა ქუთაისს მთავარი არქიტექტორი?

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა