მიხეილ ლომთაძემ თავისი ქონებით ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო
Forbes-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით უმდიდრესი ქართველი მიხეილ ლომთაძეა. მის ქონებას გამოცემა $5 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით, ლომთაძე მსოფლიოს მეექვსასე უმდიდრესი ადამიანია.
ლომთაძემ $200 მილიონით გადაუსწრო ექს-პრემიერ ივანიშვილის ქონებას, რომელიც Forbes-ის თანახმად, $4.8 მილიარდია. Forbes-ის მაჩვენებლით, ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 632-ე ადგილს იკავებს.
მიხეილ ლომთაძე მილიარდერთა სიაში 2020 წლის ოქტომბერში, KASPI-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის, ანუ IPO-ს შედეგად გახდა.
KASPI-ის IPO 2020 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი იყო და მის შედეგგად, ლომთაძემ და ვიაჩესლავ კიმმა, რომელიც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავდაპირველად $2 და $2.5 მილიარდი დოლარი დააგროვეს. 2021 წლის აპრილში კი ლომთაძის ქონებამ უკვე $3.2 მილიარდს მიაღწია. მიხეილ ლომთაძე კომპანიაში 23%-იან წილს, ვიაჩესლავ კიმი კი 24.5%-იან წილს ფლობს.
მიხეილ ლომთაძის ასეთი სწრაფი გამდიდრება KASPI-ის აქციების ღირებულების მკვეთრ ზრდას უკავშირდება, რადგან მისი ქონების მთავარი წყარო სწორედ ბანკში არსებული წილია. 2020 წლის ოქტომბერში კომპანიის აქცია $40 ღირდა, დღეს კი ერთი აქციის ფასი $114 დოლარია. სწორედ ასეთი ზრდის შედეგად, ვიაჩესლავ კიმი ყაზახეთის უმდიდრესი მოქალაქე გახდა, რომლის ქონებასაც ფორბსი რეალურ დროში $5.5 მილიარდად აფასებს.
წყარო: bm.ge
ავტორი: ნიუპრესი