|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა"

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ქალაქში არსებულ ბავშვთა დღის ცენტრის წარმომადგენლებს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდნენ.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს ბაგა-ბაღებში ინკლუზიური სწავლების საჭიროებებზე მსჯელობა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების თხოვნით 2019 წლის პროგრამის განხილვა იყო. გაიმართა მსჯელობა ბაღებში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის სათანადო გარემოს შექმნის აუცილებლობასა და სპეც. მასწავლებლების გადამზადებაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, როგორც ბაღებში, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ადგილებში. შეუწყოთ ხელი მათ ინტეგრაციას. ამისთვის ქალაქი მაქსიმუმს გააკეთებს“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ მარი კორკოტაძე.

 

ავტორი: ნიუპრესი