|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მომავლის ხმა“–ქუთაისელი „მარიამ მაო სოლემიო“

ქუთაისელი მარიამ კუჭავა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსის ლაურეატი გახდა. ჯერ მხოლოდ 13 წლისაა და არაერთი ჯილდოს მფლობელია. "ნიუპრესი" ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლის შესახებ გიამბობთ.

 "ვარსკვლავი მომავლიდან "- ასე უწოდებენ ქუთაისელ ოპერის მომღერალს მარიამ კუჭავას.  ფსევდონიმით „მარიამ მაო სოლემიომ“ მოახერხა და პატარა ასაკში უამრავი პრიზი და მოწვევა მიიღო.  6 წლის  ასაკიდან  ოპერის მომღერლობა გადაწყვიტა, მისმა უნიკალურმა ხმის ტემბრმა კი  განვითარების და წარმატების საშუალება მისცა.

 8 წლის იყო, როდესაც  საკუთარი სურვილით და ბებოს დაჟინებული მოთხოვნით  ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში  დაიწყო ვოკალური განათლების მიღება. მარიამი სამუსიკო სკოლაში მე- 5 კლასში გადავიდა.  ის მე-3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მას მუსიკაზე სიარული სიამოვნებას ანიჭებს. მარიამის  პედაგოგი  ლუმა ლომაკინაა, რომელმაც  არაერთი სასიქადულო და სასახელო მოსწავლე აღზარდა, მათ შორის ცნობილი ბარიტონი გოჩა აბულაძე. როგორც ლუმა ლომაკინა აღნიშნავს, მარიამს ძალიან დიდი დიაპაზონი და არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი აქვს. როგორც პედაგოგი იხსენებს, მარიამი სულ პატარა იყო, როდესაც მასთან მივიდა. 5 წელია ერთად დაუზარებლად მუშაობენ და შედეგიც არაჩვეულებრივი აქვთ.

"მარიამი ძალიან მიზანდასახული და დაუზარელი ბავშვია. უყვარს  შრომა. აქვს დიდი დიაპაზონის სოპრანო, რაც იშვიათია. 5 წელია ერთად ვმუშაობთ, დაუზარებლად",- აღნიშნა ლუმა ლომაკინამ.

 10 წლის ასაკში ნოდარ ანდღულაძის სახელობის ეროვნულ კონკურსში  საქართველოში პირველი პრემიის ლაურეატი გახდა. კონკურსი საქართველოში პირველად  ჩატარდა. სწორედ აქ  შედგა მისი დებიუტი და ამავე ასაკიდან დაიწყო კარიერული წინსვლა. მას შემდეგ უამრავი კონკურსის  ლაურეატია. წელს კი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის კონკურსის ლაურეატი გახდა, სადაც  როსინის,  "ალპიელი ქალი"  ძალიან კარგად შეასრულა. მისმა ხმის ტემბრმა საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.  კონკურსში  კომისიის თავმჯდომარე გოგი ჭიჭინაძე  იყო, რომელმაც  მარიამის შესრულება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ  მას ეკუთვნის ნომინაცია "მომავლის ხმა" .

მარიამის ოცნებაა წარმატებული მომღერალი გამოვიდეს. მისი მიზანია გაყვეს მუსიკას და ისწავლოს ამერიკაში,  ხელოვნების სკოლაში "ჯულიარდი" ვოკალურ განყოფილებაზე. მისი საყვარელი ოპერის მომღერლები არიან: მარია კალასი, ლუჩიანო პავაროტი, პლაჩიდო დომინგო, ხოლო ქართველებიდან: ნინო მაჩაიძე, თამარ ივერი და ანიტა რაჭველიშვილი.

"ძალიან პატარა ასაკში შემიყვარდა ოპერა და მიზნად დავისახე წარმატებული  მომღერალი გამოვიდე.  პატარაობაში, როდესაც მასწავლებლობანას ვთამაშობდით,  მე,   ყოველთვის მუსიკის მასწავლებელი ვიყავი. მიზიდავდა დირიჟორობა  და ხშირად ვმღეროდი. სერიოზულად  მუსიკალური ცხოვრება 8 წლის ასაკიდან დავიწყე. გამიმართლა და შემხვდა ისეთი არაჩვეულებრივი პედაგოგი, როგორიც ლუმა ლომაკიანა, მან მუსიკისადმი ჩემი სიყვარული გააორმაგა. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანთან მიწევს მუშაობა. სამომავლოდ მინდა სწავლა ამერიკაში "ჯულიარდის" სკოლაში გავაგრძელო. ქართველი მომღერლებიდან გამოვარჩევდი ნინო მაჩაიძეს, სულ მეუბნებიან რომ ერთნაირი ხმის ტემბრი გვაქვს, განსაკუთრებულად ამიტომაც  შემიყვარდა", - აღნიშნა მარიამმა.

ახალგაზრდა ოპერის მომღერალს წარმატებებს სხვა სახელოვან ქართველებთან ერთად ბარიტონი გოჩა აბულაძეც უსურვებს. როგორც გოჩამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, მარიამს  ძალიან კარგი მონაცემები აქვს და დარწმუნებულია, რომ მალე დიდ სცენაზეც იმღერებს.

"მარიამს ძალიან კარგი მონაცემები აქვს და დარწმუნებული ვარ წარმატებებსაც მიაღწევს.  მასზე ძალიან ბევრი კარგი რამ მსმენია, ჩემი პედაგოგი ლუმა ლომაკინასგან. მთელი გულით ვუსურვებ წარმატებას",- აღნიშნა გოჩა აბულაძემ.

მარიამი წარმატების მისაღწევად ბევრს შრომობს. ახლა უკვე  ეროვნული კონკურსისთვის იწყებს მზადებას,  რომელიც  მომავალ წელს ჩატარდება. იმედოვნებს, რომ თავისი პრიზების ჩამონათვალს კიდევ უფრო გაზრდის.

               

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი