|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსახლეობის ჩართულობა ქუთაისის თვითმმართველობაში და დასახლების საერთო კრება

"თვითმმართველობა მხოლოდ ფორმალურად არსებობს, რეალური თვითმმართველობის ამოქმედებას ხელს პოლიტიკური ნების არარსებობა უშლის"- განაცხადა  ქუთაისის მერობის კანდიდატმა "შენების მოძრაობიდან" ალუდა გოგლიჩიძემ.

 ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამ განცხადების გაკეთება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მოინდომა, თუმცა, სურვილის მიუხედავად, მან დეპუტატებისათვის სიტყვით მიმართვა ვერ შეძლო. როგორც საკრებულოში განუმარტეს, საკრებულოში გამოსვლის მოთხოვნით სამი დღის ადრე უნდა მიემართა, თუმცა მსგავსი ჩანაწერის პოვნა საკრებულოს დებულებაში „საიას“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ ვერ შეძლო. იმავე სხდომაზე განცხადების გაკეთება ვერ შეძლო ადგილობრივმა მოქალაქემაც. იზა არველაძესაც ანალოგიურად განუმარტეს, რომ საკითხის შესახებ სამი დღით ადრე უნდა ეცნობებინა, ხოლო მას შემდეგ, რაც სხდომის დამთავრებისას მან თავისი პრობლემის შესახებ საუბარი მაინც დაიწყო, მისი მოსმენა თვითმმართველობიდან არავინ ისურვა. მასთან მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დარჩნენ, რომლებიც შენობიდან მის გაყვანას ცდილობდნენ.

მსგავსად აღნიშნული ქალბატონისა, თავისი მიმართვა მხოლოდ ჟურნალისტებს გააცნო  მერობის კანდიდატმაც. ალუდა გოგლიჩიძე თვლის, რომ ქუთაისის ხელისუფლებამ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი არ აამოქმედა.

"ქუთაისის ხელისუფლებამ არავითარი მსვლელობა არ მისცა მუნიციპალიტეტების საერთო კრების ამოქმედებას, რომელიც არის თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული.  მე მივმართავ ქუთაისის თვითმმართველობას, იქნებ, საკრებულომ შეინარჩუნოს სახე და მოსახლეობას აუხსნას, რამ განაპირობა ამ საკანონმდებლო ნორმის ამოქმედების შეფერხება, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტების დონეზე მოსახლეობის მიერ რჩეულების საბჭოს შექმნას, რომელიც არის თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის შესაძლებლობა", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

მერობის კანდიდატს  ქუთაისის საკრებულოდან დეპუტატმა ირმა პეტრიაშვილმა უპასუხა.  მისი თქმით, თვითმმართველობის ქმედითუნარიანობა მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული.

"კანონი არის ახალი მიღებული და მოქალაქეებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ამ კანონის  განხორციელებაში. გამომდინარე იქედან, რომ ნებისმიერი დეპუტატი იქნება ეს,  თუ თვითმმართველობის წარმომადგენელი,  თვითონ ვერ მოახდენს იმ რჩეულების შერჩევას, რაც საზოგადოების წიაღიდან უნდა წამოვიდეს", -განაცხადა ირმა პეტრიაშვილმა.

ქუთაისის საკრებულოს წევრის და „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატის  დავით გოგისვანიძის განცხადებით კი, მოსახლეობის გააქტიურება თვითმმართველობის ვალდებულებაა.

 „მოსახლეობის მხრიდან აქტიურაობა კიდევაც რომ არ იყოს, თვითმმართველობის მოვალეობაა,  ამ ხალხს მივაღებინოთ მონაწილეობა თვითმმართველობაში, გავააქტიუროთ საზოგადოება, რაღა მათ მიიღონ გადაწყვეტილება, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი ქუთაისი. თუმცა, ამ ხელისუფლების პირობებში ქუთაისი კიდევ უფრო  მეტად  დამოკიდებული გახდა ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რაც თავის მხრივ, რეალურ თვითმმართველობას გამორიცხავს. თუნდაც, წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და სამუშაოების გაჭიანურების გამო ადგილზე იქმნება პრობლემები, მაგრამ ქალაქის ხელისუფლებას არ აქვს უფლებამოსულება ამ საკითხებში ჩარევის, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ცენტრალიზებულია ხელისუფლება“-განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

აღნიშნული ცვლილება, რომლის შესახებაც გოგლიჩიძე საუბრობს,  თვითმმართველობის კოდექსში 2015 წელს შევიდა.

ცვლილების შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია: ა) დასახლების საერთო კრება; ბ) პეტიცია; გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა; ე) მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.

ცვლილების მიუხედავად, დასახლების საერთო კრება ქუთაისის თვითმმართველობას არ მოუწვევია.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის თანახმად, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში  2015-2016 წლებში  არც მოქალაქეთა  პეტიცია  დარეგისტრირებულა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქუთაისის   თვითმმართველობის საქმიანობაში დადებით მომენტად მიიჩნევს იმ ფაქტს, ქუთაისის საკრებულოს რეგლამენტით, ნებისმიერ პირს აქვს უფლება დაესწროს საკრებულოს, საკრებულოს  კომისიის, საკრებულოს  დროებითი სამუშაო ჯგუფის ღია სხდომებს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, დასვას შეკითხვა, გააკეთოს განმარტება, განცხადება, ან მიმართვა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საკრებულოს სხდომის სატელევიზიო ტრანსილირება ხდება, რაც ხელს უწყობს გამჭვირვალობას. ორგანიზაციის განმარტებით, საკრებულოს წევრები მოსახლეობასთან მართავენ შეხვედრებს, ან აქვთ ანგარიშის ჩაბარების პრაქტიკა.

 ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მოსახლეობასთან აქტიურად მართავენ შეხვედრებს მინუციპალიტეტების მიხედვით, სადაც ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა.  ევროკავშირის  პროექტის „ეს მუშაობს“ ფარგლებში 2015-16 წლებში იმართებოდა  შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც მიღებული 8 რეკომენდაციიდან  7 -ის გათვალისწინება მოხდა.

მერიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ფორმალობად მიიჩნევს  დავით გოგისვანიძე. „ამ შეხვედრებს ისეთივე ფორმალური ხასიათი აქვს, როგორც, მაგალითად,  საკონსტიტუციო განხილვების დროს გამართულ შეხვედრებს ჰქონდა, ხელისუფლებას შეხვედრებზე თავისი ჩინოვნიკები და მხარდამჭერები მოყავს“,- განაცხადა  „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა და ქუთაისის საკრებულოს წევრმა დავით გოგისვანიძემ.

თვითმმართველობის კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთ ფორმად დასახლების საერთო კრებაა მიჩნეული, ჩვენთან საუბარში  განმარტება „საიას“ იურისტმა გიორგი სანტურიანმა გააკეთა. მისი განმარტებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრება არ მოწვეულა და ქალაქს დღემდე არ აქვს დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ აქტი, მაშინ როდესაც დასახლების საერთო კრების მოწვევა არსებითად გააუმჯობესებდა მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში.

 სანტურიანის თქმით, კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დროს  „საიამ“  წარადგინა დასკვნა, სადაც მითითებული იყო, რომ აღნიშნული ჩანაწერი  ორ   განსხვავებულ   რეჟიმს   ადგენდა,  ერთის   მხრივ,   იმ   დასახლებაში, სადაც   ამომრჩეველთა   რაოდენობა   არ   აღემატება   2000-ს   და   მეორე   მხრივ, დასახლებაში,   როდესაც   ამომრჩეველთა   რაოდენობა   აღემატება   2000-ს.

„საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა ჩვენი დასკვნა, რაც ძირითადად დასაბუთდა თავად საერთო კრების სამართლებრივ ბუნებით, რომელიც მთელი დასახლების მოსახლეობის შეკრებას და ცალკეული საკითხების განხილვაში მონაწილეობას გულისხმობს, ხოლო დიდი დასახლების შემთხვევაში რთულად განსახორციელებელია.  მაგრამ აღნიშნული პრობლემის დასაძლევად კოდექსი დიდ დასახლებებში ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის შესაძლებლობას განსაზღვროს საერთო კრების ეტაპობრივად გამართვის წესი, ან დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება.  სამწუხაროდ, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლების საერთო კრება არ მოწვეულა და ქალაქს დღემდე არ აქვს დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ აქტი, მაშინ როდესაც დასახლების საერთო კრების მოწვევა არსებითად გააუმჯობესებდა მოქალაქეთა ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში“, - განმარტა გიორგი სანტურიანმა.

 რაც შეეხება სხდომაზე მოქალაქეთა სიტყვით გამოსვლის მოთხოვნას, სანტურიანის განმარტებით, დებულებაში არსად არაა მითითებული, რომ განცხადება საკრებულოში სამი დღით ადრე უნდა დარეგისტრირდეს, მოქალაქეს განცხადების გაკეთების შესაძლებლობა სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში უნდა მისცემოდა. ჩვენს შეკითხვას, რის საფუძველზე არ მიეცათ ზემოთ აღნიშნულ მოქალაქეებს საკრებულოს სხდომაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, ქუთაისის საკრებულოში არ უპასუხეს.

      

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა