„მოხუცი ბავშვები“ - რა სურვილები აქვთ ხანდაზმულებს?
რთული არაა წარმოიდგინო, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა ჩვენ შევაბიჯებთ ცხოვრების ყველაზე ძნელად ასასვლელ საფეხურზე, რომელსაც სიბერე ქვია. ეს ის კანონზომიერებაა, რომელთანაც ყველა უძლური ვხდებით.
85 წლის სოციალურად დაუცველი ქალბატონი საარსებოდ საჭირო თანხას კეთილი ადამიანების მოწყალებით შოულობს. ოლღა წერეთელი სასწრაფო დახმარების ბრიგადაში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა. მონაწილეობდა აფხაზეთის ომშიც, სადაც დაჭრილებს უვლიდა. ოლღას 10 დედმამიშვილი ჰყავდა, 5 ძმა და 5 და. მშობლები ადრე დაკარგა და უფროსი და-ძმები უვლიდნენ. შემდეგ ძმები ომში დაიღუპნენ, მოგვიანებით დებიც წავიდნენ ამ ქვეყნიდან. მეუღლე სამამულო ომში გაიცნო. ომის შემდეგ იქორწინეს, თუმცა შვილები არ გაუჩნდათ. მეუღლე, რამდენიმე წელია, გულის მანკით გარდაეცვალა. ბინა მისი მკურნალობისთვის ბანკში ჩადო, თანხის გადაუხდელობის გამო კი გაუყიდეს. ახლა, სრულიად მარტო, ქირით ცხოვრობს. თანხას საკუთარი პენსიიდან იხდის.
ხანდაზმულ ასაკში მუშაობა ქუთაისის ერთ-ერთ საპირფარეშოში დამსუფთავებლად დაიწყო. რამდენიმე წელი თავს საკუთარი ხელფასით ირჩენდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო მუშაობაც ვეღარ შეძლო. მეზობლების დახმარების იმედიღა რჩება. მძიმე სოციალური ფონის გამო პანსიონატში წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მიღებაზე უარი განუცხადეს.
„3 წლის წინ მოვითხოვე პანსიონატში გადაყვანა, თუმცა უარი განმიცხადეს. მიზეზად დამისახელეს, რომ ადგილები არ ჰქონდათ. მას შემდეგ მუშაობა დავიწყე, როგორღაც ვახერხებდი თავის რჩენას, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ახლა ვეღარც ვმუშაობ. განაცხადის შესატანადაც ვერ წავედი, ლოგინად ვარ ჩავარდნილი. სრულიად მარტო, უფუნქციოდ, ნახევრად მშიერი დავრჩი მეზობლების იმედად“, - ამბობს წერეთელი.
მოხუცებული სამუშაოს შესრულების დროს გაცივდა, თუმცა ყურადღება არ მიაქცა, ვიდრე მაღალმა ტემპერატურამ არ შეაწუხა. სიცხისაგან გულწასული მეზობლებმა იპოვეს და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. აღმოჩნდა, რომ ფილტვებში წყალი აქვს, წამლებს სიძვირის გამო ვერ ყიდულობს.
„იმედი მაქვს, მალე წავალ ამ ქვეყნიდან, ჩემი დები და ძმები მომივლიან იქ. აქ აღარავინ დამრჩა და აღარც არავის ვუნდივარ. ძალიან მინდოდა პანსიონატში მოხვედრა, თუმცა უარი მითხრეს. 85 წლის ვარ, რაღა დამრჩა სიკვდილამდე? მარტო ვეღარ ვძლებ, მშიერი, მწყურვალი, მომბეზრდა ცარიელი კედლების ყურება“ , - განაცხადა მოხუცებულმა.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა, რამდენი ბენეფიციარია ამ დროისათვის პანსიონატში და რა კრიტერიუმებია საჭირო იქ მოსახვედრად.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის უფროსს, მალხაზ ბადირეიშვილს გავესაუბრეთ. ბადირეიშვილის განცხადებით, პანსიონატში ამ დროისთვის 88 ბენეფიციარია, თუმცა დაწესებულებაში 95 ბენეფიციარის განთავსებაა შესაძლებელი. მათი შერჩევა სოციალური დახმარების ცენტრის მიერ ხდება. „ამ დროისთვის ველოდებით ბენეფიციარების დამატებას. ქუთაისის პანსიონატი გათვლილია 95 ბენეფიციარზე, დღეის მდგომარეობით, 88 მოხუცებულია განთავსებული. პანსიონატში ბენეფიციარების მიღება დამოკიდებულია სოციალურ სამსახურზე. განმცხადების საფუძველზე სოციალური მუშაკების მიერ ხდება მოკვლევა და ბენეფიციარები ირჩევიან სიღარიბის ზღვარის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ შეფასების მაღალი სარეიტინგო ქულა აქვს, ხდება ბენეფიციარის სრული დაფინასება, თუ არა თანადაფინანსება. ანუ დღეში 3 დან 5 ლარამდე. ჩემს კომპეტენციაში შედის აქ მყოფი ხანდაზმულებზე პასუხისმგებლობა“,- აღნიშნა ბადირეიშვილმა.
ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის, ნინო ჭიღლაძის განმარტებით, მოხუცებულმა პირველ რიგში განცხადება უნდა წარადგინონ მათ სამსახურში, შემდეგ მოხდება მისი მდგომარეობის შესწავლა.
"მოხუცებულმა უნდა მოიტანოს განცხადება, ჩვენ შევისწავლი მის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხუცს არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ბენეფიციარის მოხვედრა ხდება თანადაფინანსებით. მოხუცთა პანსიონატში ადგილები შეზღუდულია, ვინაიდან მსგავსი დაწესებულება დასავლეთში არის მხოლოდ ერთი. საქართველოს მასშტაბით სულ 3 პანსიონატია.
ნიუპრესი ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრებ მოხუცებულებსაც გაესაუბრა. აქ მცხოვრებ მოხუცებს განსხვავებული რეალობა აქვთ. ისინი ამჟამად პრემიერისათვის ემზადებიან და იმაზე ზრუნავენ, რომ საკუთარ როლს თავი უკეთ გაართვან. „მოხუცი ბავშვები“- ასე ქვია სპექტაკლს, რომელშიც 10 ბენეფიციარი და 4 სტუდენტი იღებს მონაწილეობას.
„ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ შიშისგან ვერ ვამხელდი. ძალიან მკაცრ ოჯახში ვიზრდებოდი. მშობლები პედაგოგობისთვის მამზადებდნენ. ჩემი ბავშვობის ოცნება 78 წლის ასაკში შემისრულდა. ძალიან ბედნიერი ვარ, ხალისიანი სიბერე მაქვს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იდეის ორგანიზატორებს. ასევე რეჟისორს, რომელიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს“,- აღნიშნა მერი ბაკურაძემ.
სპექტაკლის პრემიერა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატურ თეატრში 11 აპრილს გაიმართება. რეჟისორი ალეკო ტორონჯაძეა, რომელიც უსასყიდლოდ ეხმარება მოხუცებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში და მათ ცხოვრებას უფრო ხალისიანს ხდის.
(ფოტო არ შეესაბამება ისტორიას)
ავტორი: ანი ლიპარიშვილი