მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან თანამდებობა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენის შემდეგ დატოვა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა. ის 2015 წლის 27 ნოემბერს ამ თანამდებობაზე პარლამენტმა აირჩია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. გამოტანილი განაჩენიდან გამომდინარე, ბრალდებულებთან მიმართებაში სასამართლო სასჯელის ვადას და ზომას ხვალ განსაზღვრავს.
შოთაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი