"მთავარია, გქონდეს ოცნება და ეცადო, განახორციელო ის" (ვიდეო)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ტყუპების, ძმების, ოთიკო და ცოტნე ტურაბელიძეების სიმღერამ, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. "ნიუპრესი" დაინტერესდა ტყუპების შემოქმედებით და ერთ-ერთ მათგანს, თორნიკე ტურაბელიძეს გაესაუბრა.
თორნიკე მუსიკით ერთი წელია, რაც დაინტერესდა. ახლა თავის ძმასთან ერთად ანსამბლ "გორდელაში" ფანდურზე დაკვრას სწავლობს. 16 წლის ტყუპები, დეკემბერში კონცერტის ჩატარებას ანსამბლ "გორდელასთან" ერთად გეგმავენ და იმედს იტოვებენ, რომ ყველაფერი კარგად გამოვა.
"მუსიკალური ცხოვრება ორივემ ერთდროულად დავიწყეთ. დუეტში სიმღერა ძალიან მოგვეწონა და გადავწყვიტეთ, ამ კუთხით განვითარდეთ. ჩემი ოცნებაა, სამომავლოდ სიმღერების ჩაწერა. გაწევრიანებული ვარ ორგანიზაციაში "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", სადაც ვატარებ დღის გარკვეულ მონაკვეთს და ვითვისებთ სხვადასხვა უნარებს, რომელიც მეხმარება საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. საზოგადოების მხრიდან თბილ დამოკიდებულებას ვგრძნობთ და ძალიან გვიხარია. არანაირი აგრესიულობა არ წამოსულა და ყოველთვის მაღალია ვიდეოებზე გამოხმაურება, რაც დიდ სიხარულს გვანიჭებს",- აღნიშნა თორნიკემ.
შეძღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. თორნიკე და ცოტნე დღეს წარმატებულები არიან და სამომავლოდ უფრო დიდი წარმატებისთვის ემზადებიან. თორნიკეს თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებმა საკუთარი ნიჭის დემონსტრირება უნდა შეძლონ და ოთხ კედელში არ ჩაიკეტონ.
"მთავარი ის არის, რომ არ უნდა იყო ჩაკეტილი შენ თავში და უნდა გააცნო ხალხს შენი შესაძლებლობები. ყველა ადამიანს აქვს განსხვავებული უნარ-ჩვევები. ჩემი აზრით უნიჭო ადამიანი არ არსებობს.
შეძლო და შენს თავში უნდა აღმოაჩინო რაიმე ნიჭი და გაუზიარო ხალხს. მთავარია, გქონდეს ოცნება და ეცადო, განახორციელო ის",- განაცხადა მომღერალმა.
თორნიკეს ტყუპისცალს, ცოტნეს ძმის მსგავსად, ძალიან უყვარს სიმღერა. თითქმის ყველგან და ყოველთვის მღერის, ან ღიღინებს. თორნიკეს თქმით, ცოტნესაც ძალიან უნდა, რომ თავისი ნიჭის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცეს. ძმებისთვის საზოგადოების თბილი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი სულ მალე საზოგადოების წინაშე ახალი რეპერტუარით წარსდგებიან.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი