|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლება გარემოს დაცვის პოლიტიკას ამკაცრებს

ტყიბულის რაიონში ხე-ტყის უკანონო ჭრის შედეგად  გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა  193 904 ლარი შეადგინა. ხე-ტყის უკანონო  ჭრის ფაქტებში შემჩნეული კომპანიის შპს „ვუდიმპექსის“ წინააღმდეგ კი  მასალები შემდგომი რეაგირებისათვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა.

მუნიციპალიტეტში ტყეების გაჩეხვის  ფაქტების მოკლვევის შედეგები გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა გია ცაგარეიშვილმა და ტყიბულის მაჟორიტარმა ელისო ჩაფიძემ დღეს,  ჟურნალისტებს გააცნეს.

ტყიბულში, შპს „ვუდიმპექსზე“  წაბლის ხის სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით რამდენიმეწლიანი ლიცენზია  2009 წლის  20 ნოემბერს გაიცა.  გია ცაგარეიშვილის თქმით, კომიტეტს მისდიოდა ინფორმაცია, რომ კომპანია  უნებართვო ჭრებს ახოციელებდა და დაავადებული ხეების ნაცვლად ჯანმრთელ ხეებს ჭრიდა.

„რითიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა გარემოს. ჩვენ მივმართეთ შესაბამის უწყებებს სასწრაფოდ დაწყებულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესწავლა. ყველამ უნდა გაიგოს რომ გარემოს დაცვისადმი  მიდგომები იცვლება. კომიტეტი არ შეეგუება იმ ვითარებას, რაც სააკაშვილის მმართველობის წლებში იყო გავრცელებული. თუ გაგდიოდათ  ხაჩიძეებთან, ბობოხიძეებთან და ადეიშვილებთან, არ გაგივათ ცაგარეიშვილებთან, ღარიბაშვილებთან, გუჯაბიძეებთან და ივანიშვილებთან.  გონს მოეგეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც კანონი მოითხოვს,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ელისო ჩაფიძის თქმით, ტყეების უკანონოდ გაჩეხვის საკითხს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ის 2009 წლიდან, მას შემდეგ  აყენებდა, რაც სახელმწიფომ „ვუდიმპექსთან“ ხელშეკრულება გააფორმა.   მისი თქმით, წაბლის ხეების ჭრა ბოლო სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბიზნესის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენდა.

„ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუშვებ ტყიბულის გამოყენებას იაფი ნედლეულისა და იაფი მუშა-ხელის ქალაქად. მე მოვითხოვ ‘ნაციონალური მოძრაობის“  იმ პირების დაკითხვას, რომლებიც ტყიბულის  ეკოლოგიური მდგომარეობის ხარჯზე აკეთებდნენ ამ საქმეს,“ - ამბობს ელისო ჩაფიძე.

როგორც გარემოს დაცვის კომიტეტში აცხადებენ,  მსგავსი კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში,  სახელმწიფო დამნაშავეებთან მიმართებაში შეუწყნარებელი იქნება. ტყეების გაჩეხვის კუთხით არსებული ვითარების შესასწავლად კი   კომიტეტი გასვლითი სხდომების მოწყობას ხარაგაულსა და ჭიათურაში გეგმავს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე