ვანის მაჟორიტარი პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს
ვანის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა ლეჟავა, რომელიც პროკურატურაში
დაკითხვაზე დაიბარეს, უწყებაში მისვლას არ
აპირებს.
დეპუტატი ძალოვნებმა პროკურატურაში მოწმის სახით გასულ კვირას დაიბარეს,
თუმცა ლეჟავა საქართველოში არყოფნის გამო, ძალოვნებთან ვერ გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი
ქვეყანაში დაბრუნებული დეპუტატი სამართალდამცავებთან თანამშრომლობას არ აპირებს.
პაატა ლეჟავას დაკითხვას პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“
ვანის ოფისში ადგილობრივი ბიზნესმენის მამუკა შარაშენიძის ცემასთან დაკავშირებით
გეგმავს. როგორც ლეჟავა ამბობს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, როდესაც ბიზნესმენი სცემეს,
ის ოფისში არ იმყოფებოდა. ბიზნესმენის ცემის საქმეში კი ლეჟავას ბიუროს ხელმძღვანელი,
დეპუტატის ბიძაშვილი მამუკა ლეჟავა და ვანის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე დავით კაკაბაძე
ფიგურირებენ.
აღნიშნული პირების წინააღმდეგ სამართალდამცავები გამოძიებას
აწარმოებენ. სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის
გამოტანამდე კი მამუკა ლეჟავა და დავით კაკაბაძე თავისუფლებას გირაოს საფუძველზე ინარჩუნებენ.
პაატა ლეჟავას თქმით, ის პროკურატურაში გამოცხადებას
იმიტომ არ აპირებს, რომ მამუკა შარაშენიძის ჩვენების მიხედვით, მას ბიზნესმენისთვის
ხელი არ დაურტყამს. გარდა ამისა, ლეჟავა მიიჩნევს,
რომ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე