პრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა მემორიალის აფეთქებისას დაღუპული დედა-შვილი გაიხსენეს
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული კამპანიის
მონაწილეები დღეს პარლამენტთან შეკრიბნენ და მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მეთაურის პოსტის
დატოვებისკენ მოუწოდეს.
პარლამენტთან შეკრებილებმა სამი წლის წინ, პარლამენტის
ადგილას მდებარე დიდების მემორიალის აფეთქებისას დაღუპული დედა-შვილიც გაიხსენეს და
მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
„დღეს არის 3 წლისთავი, რაც მემორიალი დაანგრიეს. ჩვენ პატივს მივაგებთ აქ დაღუპულებს. დაწყებული გვაქვს სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება. მოვითხოვთ მიშას გადადგომას. სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მისამართით თქვა, რომ ის ანგრევს ყველაფერს, თვითონ ანგრევს ყველაფერს
9 წლის მანძილზე. მოვითხოვთ მის გადადგომას და მისი მთავრობის წასვლას,“ - ამბობს აქციის
ერთ-ერთი მონაწილე ფიქრია სანიკიძე.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მიხეილ სააკაშვილი
არ არის ქართველი ხალხის რჩეული. როგორც აქციაზე მყოფი პირები აცხადებენ, ხალხმა „ქართული
ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი აირჩია, ამიტომ არ სურთ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა
და თვლიან, რომ პრეზიდენტი უნდა წავიდეს. მათ მოთხოვნას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებიც
შეუერთდნენ.
„არჩევნებზე საზოგადოებამ დააფიქსირა
თავისი პოზიცია, რომ სააკაშვილი უნდა წავიდეს. იმის ნაცვლად, რომ ამ ადამიანმა საზოგადოების
თხოვნა შეასრულოს, აგრძელებს თავის მოღვაწეობას
და ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუშალოს „ქართულ ოცნებას“ დაპირებების შესრულებაში,“ -
ამბობს საპარალმენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, დღეიდან აქციებს პერმანენტული სახე მიეცემა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე