|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობა“: „ხელისუფლებამ დიქტატურა სრულად გააფორმა“

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების შეფასებით, ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“  ოფისზე თავდასხმითა და ტელეკომპანია რუსთავი-2-ს დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებით, ხელისუფლებამ სრული დიქტატურა გააფორმა.

„ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ეს პროცესი  თვეებია გრძელდება, მაგრამ როგორც სჩანს,  დღეს იწყება ახალი ეტაპი და  დიქტატორული მიდრეკილებების  სრულად ჩამოყალიბება ხდება. ეს არის ძალიან სახიფათო ნაბიჯი, რომელსაც დღეს ხელისუფლება დგამს. მათ გადაჰყავთ პროცესები ძალიან სახიფათო სტადიაზე. მოვუწოდებ დაფიქრდნენ და დაიოკონ ანგარიშსწორების ჟინი დამოუკიდებელ მედიაზე, ადგილობრივ თვითმმართველობებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე,“ - ამბობს უმცირესობის წარმომადგენელი გოკა გაბაშვილი. 

როგორც გაბაშვილი ამბობს, დღევანდელი დღე არ არის ჩვეულებრივი დღე.

„საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ შეტევასთან. რაშიც გავერკვევით და ჩვენი პასუხი იქნება ადექვატური.   აქ არის საუბარი მაზე, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დაკავებული არის ოპოზიციის შტაბთან,  ოპოზიციის წინააღმდეგ  აქციების მოწყობით, გინებით, ფიზიკური დაპირისპირებით. ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების ინიციატიივთ მოწყობილი მიტინგი კი  ძალიან უცნაურია,“ - ამბობს გაბაშვილი.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე კი აცხადებს, რომ  მზად არის ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"ამ ინცინდენტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა. გავრცელებულია ხმა, რომ მასში "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის წევრები მონაწილეობდნენ. მე, პირადად, მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, ისევე, როგორც ქუთაისის შტაბი მზად იქნება, მიიღოს მონაწილეობა გამოძიებაში. მიმაჩნია, რომ არავის აქვს ქვეყანაში უფლება, ვინმეს დაარქვას დამნაშავე და მერე ამის მიხედვით იმოქმედოს. თუ კანონი ვერ დაამტკიცებს ადამიანის დანაშაულს, ის უდანაშაულოა. მაგრამ ამავე დროს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავისი პოზიცია. ჩემი, როგორც ქუთაისი მაჟორიტარი დეპუტატის პოზიციაა, რომ დასასჯელი უნდა დაისაჯოს და ამ ინცინდენტმა ისე არ უნდა ჩაიაროს, იმიტომ რომ უნდა დამთავრდეს, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში და ამ საქმის მთავარი აქტორი უნდა იყოს დღევანდელი ხელისუფლება. ასე, რომ, მე მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან", - განაცხადა სანიკიზემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში იმყოფებოდა ქვეყნის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი სამხარეო ადმინისტრაციაში თანაგუნდელებს შეხვდა და კრიზისულ ვითარებაში მყარად დგომისათვის მათ მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა როდესაც მისი ქუთაისში ყოფნის შესახებ შეიტყვეს, ქალაქის მერიის შენობასთან მივიდნენ. რის გამოც, მერიის შენობიდან პრეზიდენტის უკანა კარის გამოყენებით, იქვე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიიყვანეს. თუმცა პრეზიდენტის გადადგომის მომხრეებმა  ოფისთან გადაინაცვლეს და პრეზიდენტს გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. რის გამოც ოფისში ჩაკეტილი პრეზიდენტი გარეთ დაცვამ გამოიყვანა. პრეზიდენტის ესკორტის ქალაქში გადაადგილების დროს კი მოქალაქეებმა ესკორტს ქვები დაუშინეს.

ქუთაისში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან  მომხდარ ინცინდენტ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც  ძალოვან უწყებებს მომხდარის გამოძიება დაავალა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე