საია მოუწოდებს პარლამენტს საკანონმდებლო პროცესი კანონის დაცვით წარმართოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება მიმდინარე კვირის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ტემპებს, მის თაობაზე ინფორმაციის არასათანდო ხელმისაწვდომობას და მოუწოდებს პარლამენტს საკანონმდებლო პროცესი წარმართოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვით.
"2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის მუშაობის უმთავრესს ხარვეზს სწორედ მუშაობის სწრაფი ტემპი და პროცესის არასაკმარისი გამჭვირვალობა წარმოადგენდა, რაც ერთის მხრივ არღვევდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და მეორეს მხრივ, ამცირებდა სამოქალაქო საზოგადოების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობას, ცალკეულ შემთხვევებში კი საერთოდ გამორიცხავდა ზემოაღნიშნულს," – აღნიშნულია საიას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
"პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლი ითვალისწინებს პარლამენტის მუშაობის გამჭვირვალობის გარანტიებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი მექანიზმია საკანონმდებლო პროცესის შესახებ ინფორმაციის დროული გავრცელებისა და პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის თვალსაზრისით. მათი დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რეგლამენტით მოცემული ვადები თავისთავად საკმაოდ მცირეა. რეგლამენტის თანახმად, „კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში...კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.“
"ახალი მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიის მიმდინარეობისას, ცალკეული გამონაკლისების გარდა, უზრუნველყოფდა საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას, რაც კომიტეტების მუშაობის დროისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის დროულად გამოქვეყნებაში გამოიხატებოდა. თუმცა, უკანასკნელი კვირის მანძილზე პარლამენტის მუშაობის ტემპებიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში ირღვევა გამჭვირვალობის მოთხოვნები, რაც დაინტერესებულ პირებს არ აძლევს შესაძლებლობას იყვნენ ინფორმირებულნი საკომიტეტო მუშაობის შესახებ, აღნიშნული კი უმნიშვნელოვანესი ფორუმია სამოქალაქო სექტორისათვის დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები განსახილველ კანონპროექტებთან მიმართებაში. ამასთან, კანონით დადგენილი ვადები და გამჭვირვალობის შესაბამისი სტანდარტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღიაობის უზრუნველსაყოფად, არამედ საკანონმდებლო პროცესის სწრაფი ტემპით წარმართვის პრევენციისათვის. მიმდინარე კვირის მანძილზე, ინფორმაცია არათუ კანონით დადგენილ ვადაში არ ხდებოდა ხელმისაწვდომი, არამედ ცალკეულ შემთხვევებში ინფორმაცია კომიტეტის სხდომის შესახებ მის გამართვამდე რამდენიმე საათით/ათეული წუთით ადრე ქვეყნდებოდა. აგრეთვე, ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც კომიტეტის სხდომის დაწყების დროისთვისაც კი არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიმდინარე სხდომაზე განსახილველი საკითხების თაობაზე.
საკანონონმდებლო პროცესის წარმართვის უმთავრესი მახასიათებელი პროცედურული გარანტიების განუხრელი დაცვაა. სწორედ საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობა და კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა ხდის შესაძლებელს, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მიიღებოდეს, რაც ზრდის პარლამენტის პასუხისმგელობას უზრუნველყოს მონაწილეობისათვის სათანადო პირობები," – აცხადებსნ საიაში.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა