|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჯარო სამსახურებში კონკურსები დროებით შეჩერდება

საჯარო სამსახურებში კონკურსების გამოცხადება შესაძლოა  6 თვით გადაიდოს. საქართველოს  მთავრობამ პარლამენტში  „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, სადაც კონკურსების შეჩერებას 1 წლით ითხოვდა. კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენაზე კი დეპუტატები 6 თვიან ვადაზე შეთანხმდნენ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ირინე იმერლიშვილის თქმით,  ამ  ეტაპზე ახალი სამინისტროები და საჯარო  უწყებები არ არიან მზად კონკურსების ჩასატარებლად.

„კონკურსებს აუცილებლად სჭირდება შიდა სტანდარტები და რეგულაციები. რა კრიტერიუმები უნდა დაწესდეს და როგორი ადამიანი უნდა აიყვანონ ამა თუ იმ სამსახურში, მაგრამ ვფიქრობ ერთი წელი ძალიან დიდია. კენჭი ვუყარეთ კონკურსების გადადებას 6 თვით, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი. ამ დრომდეც კონკურსის წესი მოქმედებდა საჯარო სამსხურებში, მაგრამ შესაძლებელი იყო დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა კონკურსამდე. მაგრამ არაუგვიანეს  6 თვისა  სავალდებულო იქნება კონკურსის გამოცხადება და არა მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა,“ - ამბობს იმერლიშვილი. 

კანონპროექტი, რომელსაც დეპუტატები პარლამენტის სესიაზე გასატანად ამზადებენ,  ყველა საჯარო დაწესებულებას  შეეხება.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე