უმრავლესობა ქუთაისის ინციდენტს პრეზიდენტის პროვოცირებულად მიიჩნევს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, ქუთაისის ინციდენტი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული.
„ბოლო დღეებში მომხდარმა მოვლენებმა როგორც პარლამენტი, ისე პოლიტიკური მხარეები კონფრონტაციულ რეჟიმში გადაიყვანა. პრეზიდენტის ქალაქში ჩამოსვლა იმ დღეს, როდესაც ტრაგედიას იხსენებდნენ, ქალაქის მერიასა და „ნაციონალების“ ოფისში გაკეთებული განცხადებები უპასუხიმსგებლო იყო. ეს იყო იმის დასაწყისი, რაც მას ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ქვეყანაში მეტად დაძაბოს ვითარება, გააღიზიანოს საზოგადოება და პოლიტიკური მხარეები,“ - ამბობს საგანელიძე.
საგანელიძე პრეზიდენტის იმ განცხადებასაც შეეხო, სადაც
სააკაშვილმა პოლიციას უმოქმედობაში დასდო ბრალი და ძალოვნებს მოუწოდა უკანონო ქმედებებს
არ დაემორჩილონ. საგანელიძის თქმით, პრეზიდენტის ქუთაისიდან გაპარვა პოლიციის დამსახურებაა.
უკვე ცნობილია რომ ძალოვნებმა ინციდენტთან დაკავშირებით
6 პირი უკვე დააკავეს. საგანელიძის თქმით,
6 დაკავებულიდან ერთ-ერთის წინააღმდეგ, რომელმაც პრეზიდენტის ესკორტს ქვა ესროლა (მაგრამ
არ მოხვედრია), სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და პატიმრობა ემუქრება. დარჩენილი
5 ადამიანის შემთხვევაში კი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზე არის საუბარი.
საგანელიძე უმცირესობის დეპუტატ აკაკი მინაშვილის დასჯასაც
მოითხოვს, რომელმაც მისი თქმით, ქუთაისელებს
აგინა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე