|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით კაკაბაძის უცნობი ნამუშევრების გამოფენა რეგიონებში გაგრძელდება

დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში, მისსავე სახელობის გალერეაში დღეს დაიხურა. ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილმა, რომელიც დავით კაკაბაძის შემოქმედებას იკვლევს, გალერეაში შეკრებილ საზოგადოებას ლექცია წაუკითხა. მან ქუთაისლებს შემოქმედის ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ ბევრი საინტერესო და აქამდე უცნობი ფაქტი გააცნო.

გამოფენის დახურვას თავად დავით კაკაბაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გამოფენის მოწყობის ერთ–ერთი ინიციატორები იყვნენ.

,,2012 წლის 10 მაისს სამოცი წელი გადის დავით კაკაბაძის გარდაცვალებიდან, შესაბამისად, ჩემი და კულტურის სამინისტროს დიდი მხარდაჭრით, გადაწყდა გაგვეკეთებინა გამოფენა. აქ არსებული ტილოები ფაქტობრივად, პირველად არის გამოფენილი,“ – ამბობს დავით კაკაბაძის შვილიშვილი მარიამ კაკაბაძე. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის გამოფენების მოწყობას კვლავაც გააგრძელებენ სხვადასხვა რეგიონებში. რადგან დავით კაკაბაძის შემოქმედება კიდევ უფრო კარგად ნაცნობი გახდეს ქართველებისათვის.

გამოფენას ესწრებოდა წერეთლის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნე სტუდენტები და საჯარო სკოლების წარმომადგენლები. "დავით კაკაბაძის შემოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. მან დაამკვიდრა ახალი სტილი ქართულ მხატვრობაში და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მისი ცხოვრების კიდევ უფრო ახლოს გაცნობის საშუალება რომ მეძლევა. აქ ვნახეთ ტილოები, რომელზეც აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა ხალხს," – ამბობს სტუდენტი მაკა ფარქოსაძე.

გამოფენის მოწყობის ინიციატივას მხარი ადგილობრივმა თვითმმართველობამაც დაუჭირა. "დავით კაკაბაძე არის ის პირველი მოდერნისტი და ავანგარდისტი ქართველი მახატვარი, რომელიც თავის შემოქმედებითა და ცხოვრებით დაკავშირებული იყო იმერეთთან. ძალიან მნიშვნელოვანია მის შემოქმედებას კარგად იცნობდეს საზოგადოება. დავით კაკაბაძის შემოქმედება ნაყოფიერი იყო არამხოლოდ ფერწერის დარგში, არამედ ძალიან კარგად მუშაობდა ქართულ კინოში. ის, ასევე, მუშაობდა  სტერეოკინოს გამოგონებაზე, რომელიც თავისებურად 3 D - ფორმატის წინაპარი. დავით კაკაბაძეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ აღორძინების ხანის ადამიანი," – ამბობს ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიზე.  მისივე თქმით საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი დაფიქსირდა გამოფენის მიმართ. მათ საშუალება მიეცათ ენახათ დავით კაკაბაძის ოჯახურ კოლექციაში დაცული ტილოები.

ქუთაისში დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების  გალერეაში დავით კაკაბაძის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ნამუშევრების გამოფენა 2 მაისს, ქუთაისის დღესასწაულზე გაიხსნა. წარმოდგენილი ტილოებიდან ძირითადი ნაწილი  პარიზის პერიოდის ნამუშევრები გახლდათ. საერთო ჯამში სულ 12 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

ავტორი: ანა ჯანაშია