საბავშვო ბაღების დაფინანსებამ დეპუტატები დააპირისპირა
პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე
თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა დეპუტატებს შორის აზრთა დაპირისპირება
გამოიწვია.
კანონპროექტის მიხედვით, საბავშვო ბაღები უფასო ხდება,
ხოლო მათი დაფინანსება კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტებით მოხდება.
კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წევრმა გიორგი თევდორაძემ განაცხადა, რომ ქუთაისის ბიუჯეტიდან
ბაღების დაფინანსება ვერ მოხდებოდა და ხელისუფლებიდან ტრანსფერის გამოყოფა მოითხოვა.
თევდორაძეს უმრავლესობიდან ზურაბ ტყემალაძემ უპასუხა.
ტყემალაძის თქმით, ქუთაისის მერიას პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 68 მილიონის დახარჯვის
ნაცვლად, საბავშვო ბაღები უნდა მოეწესრიგებინა.
„ეს ტრანსფერი პარლამენტის მშენებლობისათვის იყო და
არა ბაღებისათვის“, - უპასუხა თევდორაძემ.
უმცირესობის დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე საბავშვო ბაღებთან
დაკავშირებით თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ
კანონპროექტს უსამართლოდ მიიჩნევს.
დეპუტატის თქმით, საბავშვო ბაღების მიმართ დღეს არსებული
მიდგომა სამართლიანია. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ხელისუფლებამ საბავშვო ბაღებში სწავლა
მხოლოდ იმ ოჯახებს უნდა დაუფინანსოს, რომელთაც თანხის გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.
„თინა ხიდაშელი თვლის, რომ მიუხედავად იმისა ოჯახს კარგი
შემოსავალი აქვს, სახელმწიფომ მისი ბავშვის
სწავლაც უნდა დააფინანსოს. მას არ ჰქონდა წარმოდგენილი არანაირი ხარჯთაღრიცხვა, რა
თანხებით შეიძლება გაიზარდოს ბაღების დაფინანსება სახემწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა რადგან
როგორც თვითონ ამბობს, რამდენიმე მილიონზე არის საუბარი, ჩვენ არ შევქმნით პრობლემას,“
- ამბობს ჯაფარიძე.
დეპუტატის თქმით, ისინი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წარმოდგენილი კანონპროექტის ამ ვერსიას მხარს არ უჭერენ. ჯაფარიძე ბაღების დაფინანსებასთან დაკავშირებით ხიდაშელის მიდგომას იწუნებს და ამბობს, რომ ამ ლოგიკით სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვის პამპერსი, კვება და ყველა მოთხოვნა, რადგან ბავშვის აღზრდასთან მხოლოდ საბავშვო ბაღები არ არის დაკავშირებული. „ამ მეთოდით შეიძლება სახელმწიფომ ადამიანს უყიდოს ვაშლი, კარტოფილი, რადგან ყველა ვიხდით გადასახადებს,“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე