|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურელმა მაღაროელებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა გამოაცხადეს

ჭიათურელი მაღაროელები  სრულმასშტაბიან გაფიცვებს იწყებენ.  მაღაროელებს ამ ეტაპზე სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ: ისინი უქმე დღეებით სარგებლობას, საავადმყოფო ფურცელზე მყოფი ადამიანებისათვის დღეების რაოდენობის მომატებას და შვებულების ვადის  28 კალენდარული დღიდან 45 დღემდე ზრდას ითხოვენ.

ჭიათურის მაჟორიტარის მალხაზ წერეთელის  თქმით,  ამ ეტაპზე მაღაროელები ხელფასების მატებას არ ითხოვენ, მათ ელემენტარული მოთხოვნები აქვთ, თუმცა მაღაროელებთან „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცია შეთანხმებაზე არ მიდის.

„მაღაროელები გაფიცვისა და სამუშაოზე არ გასვლის მომხრე არ არიან,  ყველას უნდა სამუშაო და არავინ არის გაფიცვის მომხრე. მაგრამ მაღაროელების მდგომაროებას ართულებს ის ფაქტიც, რომ კომპანიაში იგეგმება შიდა შემცირებები და სტრუქტურული ცვლილებები. მუშებს გამოცდები უნდა ჩაუტარონ, რისთვისაც ეს ადამიანები მზად არ არიან და მოსამზადებელი პერიოდი სჭირდებათ,“ - ამბობს წერეთელი.

ჭიათურის მაჟორიტარის თქმით, მუნიციპალიტეტს გარკვეული სამინისტროების მხრიდან მეტი ყურადღება და სწრაფი რეაგირება სჭირდება.

როგორც წერეთელი ამბობს, ამ ეტაპზე მუშების ნაწილი „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულ შენობასთან, ნაწილი თავიანთ მაღაროებთან არიან განაწილებული, ხოლო ერთ-ერთ მაღაროში - შუქრუში, 9 ადამიანი საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფება.

„ჭიათურა რეგიონთა და ქალაქთა შორის ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. ამ ხალხს უნდა შრომა. ჭიათურაში კი მაღაროს მეტი არაფერი მუშაობს. თუ ამ ხალხს ყურადღება არ მიაქციეს, გაფიცვა პერმანენტულ სახეს მიიღებს და მოთხოვნებიც გაიზრდება,“ - ამბობს მალხაზ წერეთელი.

შეგახსენეთ, რომ ჭიათურელმა მაღაროელებმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაცხადეს. მუშების მთავარ მოთხოვნას ხელფასების ზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენდა. მაღაროელებმა აქციები  მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც ხელისუფლებისაგან პრობლემების შესწავლის დაპირება მიიღეს.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა