ქუთაისის მერი სასამართლომ არალეგიტიმურად ცნო
ქუთაისის მოქმედი მერი ბესო ბრეგაძე არალეგიტიმურად
გამოცხადდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის საკრებულოს ის გადაწყვეტილება,
რომლითაც ბრეგაძე ქალაქის მერის პოსტზე დაინიშნა, ბათილად ცნო. აღნიშნულის შესახებ
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბესო ბრეგაძე ქუთაისის მერიად საკრებულოს გადაწყვეტილებით გასული წლის 8 ოქტომბერს დაინიშნა. ხოლო „თავისუფალმა
საქართველომ“ სასამართლოს საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით გასული წლის
ნოემბერში მიმართა. გოგი წულაიას თქმით, ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრების
მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ 8 ოქტომბერს ქალაქის
საკრებულოს სხდომა უკანონოდ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩატარდა, ხოლო აღნიშნულ სხდომაზე
დეპუტატებმა წინა ღამით მიღებული გადაწყვეტილება გააფორმეს.
„მივმართავ საკრებულოს, რომ აღასრულონ სასამართლოს ნება.
თავიდან გამოაცხადონ კონკურსი და კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით აირჩიონ
ახალი მერი. თუ უნდათ ისევ ბესო ბრეგაძე იყოს, ოღონდ კონკურსის წესით აირჩიონ. მე იმედი
მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბრეგაძე
თვითონ წავა და ამდენს არ გვაწვალებს,“ - ამბობს წულაია.
ქალაქის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ,
რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობამდე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე