მოვაჭრეები გარემოვაჭრეებს უპირისპირდებიან
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სავაჭრო ცენტრებში
დასაქმებული პირები გარემოვაჭრეებს უპირისპირდებიან. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარევაჭრობის
აკრძალვას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებას საგადასახადო ვალდებულებებისაგან
გათავისუფლებისაკენ მოუწოდებენ.
ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული
მოვაჭრეების განცხადებით, ისინი ვერ მუშაობენ, რადგან როგორც ამბობენ, გარემოვაჭრეები ჩამოფასებულ პროდუქციას შეღავათიან
ფასებში ჰყიდიან, რის გამოც მათთთან მყიდველი არ მიდის.
მოვაჭრეების თქმით, მათ პრობლემის მოგვარების თხოვნით
შესაბამისი წერილით საქართველოს პარლამენტსა და ქუთაისის მერიას მიმართეს. საკითხზე
რეაგირება ამ უკანასკნელსა და ქალაქის სამმართველოს დაევალა, თუმცა მოვაჭრეების თქმით,
„არც ერთი მხრიდან რეაგირება არ არის. ჩვენ კაპიკებზე ვმუშაობთ. ესენი კი ჩვენზე მეტს
აკეთებენ. რა ვქნათ. ბიუჯეტში ფული შესატანჯი
გვაქვს. თუ გარევაჭრობა დარჩება, მაშინ ჩეკის ფული მათაც გადაიხადონ, ბაზარში იმდენი
ცარიელი ადგილია, შევიდნენ და იქ ივაჭრონ ან ჩვენ გაგვიუქმონ გადასახადები. თუ კანონია,
კანონი ყველასთვის უნდა იყოს. ჩვენ იმხელა გადასახადებს ვიხდით, პური ვერ მიგვაქვს
სახლში,“ - ამბობენ მოვაჭრეები.
მოვაჭრეებს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი თევდორაძე შეხვდა. თევდორაძის თქმით, გარევაჭრობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას განეკუთვნება და მისი აღკვეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს
შესაბამისი უფლებამოსილი პირების კომპეტენციას წარმოადგენს. როგორც თევდორაძე ამბობს,
აღნიშნულ საკითხში მერიის კომპეტენციას მხოლოდ გარემოვაჭრეების გაფრთხილება წარმოადგენს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე