|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალმა მფლობელებმა ექიმები გაათავისუფლეს

ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც კერძო მფლობელობაში ახლახანს გადავიდნენ, საკადრო ცვილებების პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა. საუბარია იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც   ეკონიმიკის სამინისტრომ აუქციონის წესით მიმდინარე წლის მარტში გაასხვისა. სამი მათგანი (ქუთაისის #3 ბავშვთა პოლიკლინიკა, მეორე სამშობიარო სახლი და ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრი) ამავე დაწესებულებების მთავარმა ექიმებმა შეისყიდეს. ხოლო #4 ბავშვთა პოლიკლინიკა სხვა კერძო მესაკუთრის – შპს ჯანისმფლობელობაში გადავიდა

სამედიცინო დაწესებულებებში რეორგანიზაციის შედეგად თანამდებობა უკვე დატოვა ქუთაისის #4 ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორმა გელა გოქაძემ. პოლიკლინიკის ახალი ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ისინი მზად იყვნენ ეთანამშრომლათ დაწესებულების უკვე ყოფილ დირექტორთან. "ჩვენ გელა გოქაძეს შევთავაზეთ ერთი–ერთი განყოფილების უფროსის  თანამდებობა. თუმცა მან ეს არ მოისურვა,“  – ამბობს #4  ბავშვთა პოლიკლინიკის ამჟამინდელი მფლობელის,  შპს "ჯანის" წარმომადგენელი დარეჯან პარუნაშვილი.

თავად #4 პოლიკლინიკის ყოფილი დირექტორი გათავისუფლების საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. „არანაირი სურვილი მაქვს, ამ საკითხზე ვისაუბრო. პოლიკლინიკას უკვე ახალი ხელმძღვანლი ჰყავს", – გვითხრა სატელეფონო საუბრისას გელა გოქაძემ.  როგორც ირკვევა, მთავარი ექიმის სოლიდარობის ნიშნად დაწესებულება კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა. სამსახურში დარჩენილებს კი ახალმა ხელმძღვანელობამ  მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

"ჩვენ არავინ არ გაგვითავისუფლებია. ისინი თავიანთი ნებით წავიდნენ. ზოგადად კი საკადრო ცვილებებზე უმჯობესია მთავარ ექიმს, ქალბატონ ნინოს  გაესაუბროთ", – ამბობს პარუნაშვილი. თუმცა, #4 სამედიცინო დაწესებულებაში newpress.ge–ს ვიზიტისას პოლიკლინიკის ახალადდანიშნული მთავარი ექიმი, ნინო ბუაძე, ადგილზე არ იმყოფებოდა. მასთან ვერც ტელეფონიოთ დაკავშირება მოვახერხეთ.

„ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვილება დაგეგმილი არ გვაქვს. პირიქით, შესაძლოა კადრების დამატებაც დაგვჭირდეს, რადგან ახალი სერვისების ამოქმედებას ვგეგმავთ. ზოგადად  კი, არავის  უნდა აწყობდეს არაპროფესიონალი კადრები. შევეცდებით, ჩვენს გუნდში პროფესიონალები გვყავდეს და ეს ადამიანები, რა თქმა უნდა,  ძველი თანამშრომლებიც იქნებიან ", – ამბობს დარეჯან პარუნაშვილი.

#4 პოლიკლინიკისგან განსხვავებით, საკადრო ცვლილებების განხორციელებას ოფიციალურად ადასტურებენ #1 პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრში. „ოთხი ექიმი უკვე გავათავისუფლე. მათი დათხოვნის მიზეზი  მხოლოდ ის არის, რომ მე ასე ჩავთვალე საჭიროდ", – ამბობს ქუთაისის #1 პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო ცენტრის დირექტორი  და უკვე მფლობელი,  გიორგი მიმინოშვილი.

თუ ვინ მოხვდა დამსახურიდან დათხოვილთა სიაში, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს. "არ არის აუცილებელი მათი დასახელება. ეგ არაეთიკურად მიმაჩნია", – აღნიშნავს მიმინოშვილი.

სამაგიეროდ, გიორგი მიმინოშვილი სამომავლო გეგმებს ახმოვანებს, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის სექტემბრიდან საკადრო ცვლილელების მორიგი ეტაპი განხორციელდება. „ჩემი მიზანია, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის გაძლიერება პროფესიონალი ექიმებით. თუმცა, არ ვამბობ რომ დაწესებულებაში არაპროფესიონალები გვყავდა", – აღნიშნავს მიმინოშვილი.

რაც შეეხება, თავად მედ პერსონალის დამოკიდებულებას სამედიცინო დაწესებულებებში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხებზე, ისინი  შეფასებისგან თავს იკავებენ. ზოგადად კი სამედიცინო დაწესებულებების გაყიდვისა და კერძო მფლობელობაში გადაცემის ტენდენციას არ იწონებენ.

"ჯანდაცვას, განათლებასა და ხელოვნებას სახელმწიფომ უნდა მიხედოს. ვფიქრობ, ეს ეს არის მათი ვალდებულება. ზოგადად კი, მივესალმები ახალ ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ, თაობები იცვლებიან და შესაბამისად, ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა, უნდა შევეგუოთ ამ ცვლილებებს. პირადად ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვინ ჩაუდგება სათავეში დაწესებულებას. მთავარია, მქონდეს ნორმალური სამუშაო პირობები. ის რაც "ზევით" ხდება არ აინტერსებს პაციენტს. მას აინტერსებს თუ რამდენად ხელმისაწვდომია ჯანდაცვა და როგორი მობილურები და მოწესრიგებულები არიან თავად ექიმები. იმედი გვაქვს, ახალ გუნდთან არანაირი  გართულება და პრობლემა არ შეგვექმნება. ორივე მხარეს გვაქვს ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და ეს უნდა შევასრულოთ", –  განმარტავს #4 ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრი აზა დიაკვნიშვილი.

სამაგიეროდ, სრულ გაურკვევლობაში არიან კიდევ ერთი გასხვისებული სამედიცინო დაწესებულების თამაშრომლები. #3 ბავშვთა პოლიკლინიკის მედპერსონალი ამბობს, რომ: „არანაირი დადებითი განწყობა და მოლოდინი  არ გვაქვს. არ ვიცით რა გველოდება ან რას გვიპირებენ. სრულ გაურკვევლობაში ვართ. ჩვენ ჩვენი მთავარი ექიმის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ძალიან კარგი ადამიანია. მაგრამ ეს სისტემა და პოლიტიკა არ მომწონს. მე ჩემი სიტყვების არასოდეს  შემშინებია. ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ. 24 საათიან რეჯიმში ვმუშაობთ და ნომალური ანაზღაურება უკვე წლებია არ გვაქვს“, - განმარტავს  #3 ბავშვთა პოლიკლინიკის უბნის ექიმი მარიამ ღოღობერიძე. უბნის პედიატრის თქმით,  გამორიცხული არ არის, საკადრო ცვლილელები მათაც შეეხოთ და ამის შედეგად, სახლში წასვლა მოუწიოთ. თუმცა, #3 ბავშვთა პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, რომელიც ახლა უკვე ახალი მეპატრონეა, ირწმუნება, რომ პოლიკლინიკაში რეორგანიზაცია ამ ეტაპზე არ იგეგმება.

ავტორი: თეკლა მორგოშია