|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამხედრო აღლუმისთვის ემზადებიან

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 26 მაისს, სამხედრო აღლუმი ქუთაისში ჩატარდება. აღლუმის სამზადისი მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეიმჩნევა. ამ დროისათვის  მთავრობის წევრებისა და ორკესტრის განსათავსებლად მუშები სცენას ამონტაჟებენ.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, (სადაც საქართველოს პარლამენტის მშენებლობა მიმდინარეობს) უკვე დაიწყეს ტერიტორიაზე არსებული მოედნის ფართობის შემცირება. ტრაქტორები მოედნის ნაწილის მოსწორებაზე მუშაობენ. ამის შემდეგ იქ  რამდენიმე იარუსიანი სცენა მოეწყობა. აღნიშნულ სამუშაოს თბილისური კომპანია შპს „სიმბა“ ახორციელებს.კომპანიის წარმომადგენლის, სერგო მუკოიანის თქმით, მუშები დროში შეზღუდულები არიან.

„პარლამენტის წინ 5-იარუსიანი სცენა მოეწყობა, სადაც საქართველოს მთავრობის წევრები განთავსდებიან.  სცენის მონტაჟზე 20 ადამიანი მუშაობს. რაც მალე დავასრულებთ, მით უკეთესი. ამ პარლამენტს შეხედეთ. ჯერ ამის გახსნა იქნება?  ალბათ ესენიც მოასწრებენ,“ - ამბობს სერგო მუკოიანი.

სცენის მონტაჟის გარდა, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების მინისა და ხის კონსტრუქციაში ჩასმა, საავტომობილო გზის გაფართოება და სანიაღვრე სისტემის გამოცვლა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე  და შიგა ტერიტორიაზე სამუშაოები 26 მაისს უნდა დასრულდეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქუთაისში სამხედრო აღლუმის გამართვის გარდა, პარლამენტის სხდომათა დარბაზიც უნდა გაიხსნას.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე