ძალადობის მსხვერპლი ჟურნალისტები საკუთარი ისტორიებით წარდგნენ
ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე იმსჯელეს დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ შეხვედრაზე. რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან ხელშეშლის ფაქტები კიდევ ერთხელ გააცნეს და პრევენციულ ღონისძიებებზეც ისაუბრეს.
კონფერენცია რეგიონალური მედიის ჟურნალისტებზე ზეწოლისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტების ამსახველი ფილმის ჩვენებით გაიხსნა. შევხვედრას ყველა დაზარალებული ჟუნალისტი ესწრებოდა. მიმდინარე წლის მაისში ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტები 10 მედია ორგანიზაციაზე (9 რეგიონალური, ერთი – „ნეტგაზეთის“ რეგიონალური წარმომადგენლობა) დაფიქსირდა.
დღეს გამართულ შეხვედრაზე, ძალადობის ისტორიებს თავად ჟუნალისტები ჰყვებოდნენ. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად, უკვე გაუსაძლისი ხდება მუშაობა. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად და ასევე, ტრადიციად დამკვიდრდა, რომელსაც ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია“ – განმარტეს დაზარალებულმა ჟურნალისტებმა.
შეხვედრა კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისათვის“ და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის ორგანიზებით მოწყო, IREX-ის ფინანსური მხარდაჭერით.
„ჩვენი ადრესატი ხელისუფლებაა და პრევენციის მიზნით, შევეცადეთ ინფორმაცია მოვაწოდთ ყველას, სადაც ხმა მიგვიწვდება,“ – აღნიშნა საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარეომ ია მამალაძემ.
„დღეს ჩვენ შეხვედრას ვესწრებით იმიტომ, რომ დაინტერესებულნი ვართ რეგიონალური მედიის მუშაობით, თუ რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა. გვინდა ეს ინფორმაცია მივიღოთ პირველი წყაროსგან. ჩვენ ყველაფერ ამას შევისწავლთ და შევეცდებით, თითოეულ ფაქტს რეაგირება მოჰყვეს,“ – აღნიშნა დღეს გამართულ შეხვედრაზე NDI –ის საქართველოს ორგანიზაციის ხელძღვანელმა ლუის ნავარომ.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო იმაზე, თუ რამდენად უჭირს ჟურნალისტებს წინასაარჩევნოდ მუშაობა. შეხვედრის ყველა მონაწილე ერთხმად აღნიშნავდა, რომ ბოლო პერიდოში ჟურნალისტებზე დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები პირდაპირ კავშირშია მოახლოვებულ არჩევნებთან.
„ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ არაინფორმირებული მასა კარგი სამართავია. ისინი ან აკეთებენ არჩევანს არჩევნებზე, ან აკეთებენ არჩევანს მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ. საქართველოში ინფორმაციის მიმწოდებლები არიან რეგინალური მედია ორგანიზაციები, სწორედ ამიტომაც ხორციელდება მათზე შეგნებულად თავდასხმები და ძალადობა. თუმცა, ეს არ არის ახალი. ხელისუფლება ყოველთვის ასე იქცეოდა. ამით მახინჯდება არა მედია გარემო, არამედ, პოლიტიკური გარემო. ეს არ არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტის დავა და პრობლემა. ეს არის საერთო პრობლემა და სურათი, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს წარმოდგენილი. მე სოლიდარობას ვუცხადებ მედიას, მინდა უფრო ძლიერები და უშიშრები იყვნენ. რადგან, ხელისუფლების კიდევ ერთი მიზანი, რეგიონულ მედიაში თვითცენზურის თვითნებური დაწესებაა. თუმცა ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ჟურნალისტები არიან სოლიდარულები. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს და უკვე დაფიქსირებულ ფაქტებს რეაგირება მოჰყვეს,“ – განმარტა კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა ზვიად ქორიძემ.
შეხვედრაზე, პრევენციულ ღონისძიებებზეც ისაუბრეს. „ამ ფაქტებით არამხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ, არამედ, თავად ხელისუფლებამაც უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და გაარკვიოს, თუ რა ფაქტებზე არის საუბარი“ – აღნიშნა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კორძაიამ.
შეხვედრის ორგანიზატორთა განცხადებით, ინფორმაცია ყველა ფაქტის შესახებ ითარგმნა და უკვე გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ამის შემდეგ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება აუცილებლად მოახდენს რეაგირებას და მსგავს ფაქტები აღარ განმეორდება. მთავარია, ვიყოთ სოლიდარულები,“ – აღნიშნა ია მამალაძემ.
ავტორი: თეკლა მორგოშია