მოსწავლეთა კონფერენცია - ქართული ენის სადარაჯოზე
დღეს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის
სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობას
ქუთაისის ორი სკოლა 41-ე საჯარო და შპს „ქართული სკოლა“ იღებდა. სამეცნიერო ბიბლიოთეკის
პატრონაჟით მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია უკვე მეორე წელია იმართება. კონფერენციის
განხილვისა და კვლევის თემად ფილოლოგია რჩება.
„ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ
დაამკვიდრა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების
ჩატარების ტრადიცია. რადგან ბიბლიოთეკა, უპირველეს ყოვლისა, საგანმანათლებლო დანიშნულებისაა,
ამიტომ გადავწყვიტეთ მოზარდი თაობისთვისაც გაგვეკეთებინა იგივე. შარშან მოსწავლეთა
სამეცნიერო კონფერენციაში მხოლოდ ერთი სკოლა მონაწილეობდა, თუმცა გამოხმაურება დიდი ჰპოვა ქალაქის სკოლებში და სხვებმაც
გამოთქვეს სურვილი ამ კონფერენციას შეერთებოდნენ“, - ამბობს სამეცნიერო ბიბლიოთეკის
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ციცი ჯინჯიხაძე.
ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ,
რომ კონფერენცია გაცილებით დიდ მასშტაბებს შეიძენს და მასში ქალაქისა და ქვეყნის სხვა
სკოლებიც ჩაერთვებიან. თემა კვლავაც ფილოლოგიური იქნება, რადგან: „ჩვენთვის ეს თემა
არის პრიორიტეტული და ყველაზე აქტუალური“, - ამბობს კონფერენციის ერთ-ერთი ინიციატორი,
სამეცნიერო ბიბლიოთეკის მთავარი კონსულტანტი მერაბ გვაზავა.
მერაბ გვაზავას ინფორმაციით ეს აქტუალობა
განაპირობა „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულმა ქარტიამ“. ამ ქარტიის
რატიფიცირების ვალდებულება საქართველომ ავტომატურად აიღო, როცა 1999 წელს ევროსაბჭოს
წევრი გახდა. რატიფიცირების ამ ვალდებულებას ბევრი საფრთხის შემცველად მიიჩნევს. რადგან
„ენის ევროპული ქარტია“ სახელმწიფოსგან ითხოვს. „ძირითადი მოსახლეობისგან განსხვავებული,
ავტოქთონი, აბორიგენი, ეთნიკური და ენობრივ-კულტურული საზოგადოებებისთვის, უმცირესობის
სტატუსის მინიჭებას“. ამ სტატუსის მიხედვით კი უმცირესობები საკუთარ ენაზე (მეგრული,
სვანური და ლაზურ-ჭანური) საქმის წარმოების, განათლების მიღებისა და მას-მედიის საშუალებების
შექმნის უფლებას იღებენ.
ამიტომ, მერაბ გვაზავათ აზრით, ქართული ენის საკითხი – არის ყველაზე მნიშვნელოვანი
პოლიტიკური და არა ლინგვისტური საკითხი. „ეს ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული,
ამიტომ ქართული ენისა და ქართველური თემატიკის წინ წამოწევა და ახალ თაობაშიც მისი
პრიორიტეტის ჩანერგვა, მიგვაჩნია, რომ მეტად აუცილებელი და საჭირო არის“, - ამბობს
მერაბ გვაზავა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი