|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გუბაზ სანიკიძე: "მთავრობა გაფუჭებული ბორბალივით არის"

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. სანიკიძე მოსახლოებას დღეს ავტოქარხნის დასახლებაში, ე.წ ავტოქარხნის საავადმყოფოსთან შეხვდა.

გუბაზ სანიკიძემ მოსახლოებას მმართველი გუნდის ხარჯებზე, რუსეთის ფედერაციასთან გართულებულ ურთიერთობებზე, ქალაქ ლაზიკასა და ქვეყნის გადარჩენის „ოცნებისეულ“ ხედვაზე ესაუბრა. სანიკიძის განცხადებით, გაუმართლებელია მმართველი გუნდის ხარჯები. როგორც ის ამბობს,  არც ერთი შაჰი არ ცხოვრობდა ისე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ცხოვრობს.  სანიკიძე აქვე პრეზიდენტის  მხრიდან ქუთაისის მიმართ გამოხატულ განსაკუთრებულ ყურადღებას შეეხო და აღნიშნა, რომ: „სააკაშვილი თბილისში დაბადებულია, მაგრამ საშინლად სძულს თბილისი. ამ ბოლო დროს  აქცენტი აქვს გადმოტანილი ქუთაისზე, თურმე როგორ უყვარს. თუმცა ქუთაისიც ისევე მალე მობეზრდება, როგორც ბათუმი და ანაკლიაზე გადაერთვება. რად გვინდა ახალი პორტი საქართველოში? როცა ფოთის პორტი არ დაგვიტვირთავს. თუმცა,  ასეთ გრანდიოზულ მშენებლობებზე მსოფლიოში არსებული შავი ფულის ჩადება და მისი გათეთრება ხდება,“ - ამბობს გუბაზ სანიკიძე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩრდილოელ მეზობელთან გართულებულ ურთიერთობებსაც შეეხო. მისი თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ, თუმცა ამ ეტაპზე არსებული ვითარების შექმნაში ლომის წვლილი ქვეყნის პირველ პირს მიუძღვის.

„მთავრობა არის გაფუჭებული ბორბალივით. მანქანას რომ ბორბალი დაეფუშება, უნდა გამოცვალო. ჩვენს ქვეყანას პერსპექტივა გააჩნია, თუ ჭკვიანი ხალხი მოექცევა სათავეში,“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძის სანიკიძის განცხადებით, „ოცნების“ პროგრამა ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევაზე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზეა მორგებული.  

„ოცნების“ წარმომადგენელთან შეხვედრაზე მისული მოსახლოების განცხადებით, მათ რეალური ცვლილებების იმედი აქვთ. ცვლილებების განსახორციელებლად კი საზოგადოების აქტიურობას გადამწყვეტად თვლიან.

„ვერ შევეგუები იმას, რომ რვასულიან ოჯახში არც ერთი წევრი არ ვმუშაობთ და არც არავინ გვეხმარება. მინდა სიბერე მაინც მქონდეს მშვიდი. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მჯერა „ქართული ოცნების“ და იმედი მაქვს, რომ საქართველოში ნორმალური ცხოვრება იქნება,“ - ამბობს ეთერ ივანაშვილი.

„ქართულ ოცნებაზე“ დიდ იმედს ვამყარებთ. გვჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი დანაპირებს შეასრულებს. ამისთვის ხალხის აქტიურობაა საჭირო. ჩვენ უნდა დავინახოთ ცვლილებების საჭიროება,“ - ამბობს შეხვედრაზე მყოფი მოქალაქე ნათელა ბარათელი.

ქუთაისის მოსახლეობასთან გუბაზ სანიკიძემ შეხვედრები გუშინ დაიწყო. http://newpress.ge/index.php?page=1&news_id=130 მისი თქმით, მოსახლოებასთან შეხვედრების სერია გაგრძელდება. საწყის ეტაპზე დღეში  ერთი შეხვედრით შემოიფარგლებიან, ხოლო შემდეგ შეხვედრების რაოდენობა გაიზრდება. ავტოქარხნის დასახლების შემდეგ, „ოცნებელთა“ შეკრების ადგილად საფიჩხიის დასახლება სახელდება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე