|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კადრში მოხვედრილი ისტორიის გამოფენა

18 მაისს ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახელმწიფო გალერეაში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. გამოფენის ინიციატორობა და ორგანიზატორობა  დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მუზეუმმა ითავა და წარმოადგინა გელათის სამონასტრო კომპლექსის 1870-2012 წლებში გადაღებული ფოტომასალები. დამთვალიერებელს საშუალება მიეცა ეხილა ფოტოგრაფიის განვითარების გზა, მისი ევოლუცია მე-19 საუკუნიდან დღევანდელ დღემდე.

გამოიფინა უნიკალური ისტორიული მნიშვნელობის ფოტოები, გელათის ყველაზე ძველი სურათი, რაც მუზეუმის ფონდში ინახება. ამ ფოტომ გარკვეული შესწორება შეიტანა ქუთაისის ფოტოისტორიაში. აღმოჩნდა, რომ პირველი ქუთაისელი ფოტოგრაფი არა მიხაილოვია, არამედ ვლადიმერ ბარკანოვი (1826-1896 წლები).

„პირველად ქუთაისის ფოტომატიანე ვლადიმერ ბარკანოვის მიერ არის გადაღებული. აქამდე ფართო წრეებისთვის ცნობილი არ იყო მის შესახებ. იგი გახლდათ ფრანგული ფოტოსაზოგადოების წევრი1871-1876 წლებში. 1881 წელს ქალაქ ტულუზაში იგი დააჯილდოეს „პროგრესის“ დიპლომით. ვენაში მიღებული აქვს ქების სიგელი, მართალია ბოლო რამოდენიმე წელი თბილისში ცხოვრობდა, მაგრამ ევროპაში ცნობილი გახლდათ, როგორც ქუთაისელი ფოტოგრაფი“, - ამბობს დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის დირექტორი რამაზ მორჩაძე.

პირველი ქუთაისელი ფოტოგრაფი იმპერატორის კარის ფოტოგრაფად ითვლებოდა, ეს კი საშუალებას აძლევდა ჰქონოდა იმ დროისთვის მაღალი დონის ფოტოსახელოსნო. თუმცა „უახლესი“ ფოტოსახელოსნოც არ უმარტივებდათ საქმეს იმ ხანის ფოტოგრაფებს.

„ბარკანოვი მუშაობდა ე.წ. სამფეხა აპარატებით, რომელიც „კამერა ობსკურას“ პრინციპზე იყო აგებული. ექსპოზიცია გრძელდებოდა ზოგჯერ რამოდენიმე წუთი - 5 წუთიდან სახევარ საათამდე და თავისთავად ძალიან შრომატევადი გახლდათ. დიდ ცოდნას ითხოვდა. თანაც არა მხოლოდ ფოტოგადაღების კუთხით, არამედ მეცნიერებების: ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის კუთხითაც.  ხშირად დადიოდნენ ლაბორატორიით. ცალკე ეტლი ჰქონდათ საამისოდ, სადაც ხელსაწყოები ელაგათ. ადგილზევე შეეძლოთ მუშობა“, - ამბობს ფოტოგრაფი მალხაზ ახვლედიანი.

სადღეისოდ საქმე ბევრად გამარტივდა, რამაც „მოყვარული და აქტიური ფოტოგრაფები ერთ დონეზე დააყენა. დანარჩენი არის დამოკიდებული მხედველობაზე, ვინ რას დაინახავს, რა კუთხით დაინახავს და რას შეამჩნევს“,- ამბობს მალხაზ ახვლედიანი.

„დღეს ძნელია  პროფესიონალისა და არაპროფესიონალის გარჩევა, რადგან შეიძლება სწორედ „არაფოტოგრაფმა“ გადაიღოს ისეთი სურათი, მსოფლიო გააოცოს. არის ასეთი შემთხვევებიც“, - ამბობს ფოტოგრაფი ჯემალ სირბილაძე.

ფოტოგრაფებს მიაჩნიათ, რომ სადღეისოდ ფოტოგრაფიაში ერთ-ერთ აუცილებელ პირობად საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრაა.

გამოფენაზე წარმოდგენილი 8 ფოტოგრაფის ფოტოსურათები კი უკვე ისტორიაში მოხვდნენ.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა