საქველმოქმედო საქმიანობას სპეციალური კანონი დაარეგულირებს
ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობა სპეციალური კანონით დარეგულირდება. \"ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ\" - ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები გუგული მაღრაძე და ზვიად კვაჭანტირაძე არიან. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მომზადდა.
კანონპროექტის თანახმად, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობა ისეთ ძირითად პრინციპებს ეფუძნება, როგორიცაა: ნებაყოფლობითობა, ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, უანგარობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ადამიანის უფლებების, თავისუფლების და ღირსების აღიარება, პატივისცემა და დაცვა; ასევე მშვიდობის დემოკრატიის პრინციპებისა და ფასეულობების დაცვა.
კანონპროექტი საზოგადოებრივი ურთიერთობების იმ სფეროებს განსაზღვრავს, სადაც შესაძლებელია ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განხორციელება. კერძოდ, პროექტის მიხედვით, ფილანთროპია და ფილანთროპიული საქმიანობა შესაძლებელია შემდეგ სფეროებში განხორციელდეს: ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ცნობიერების დონის ამაღლება და სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმირება, სიღარიბის აღმოფხვრა, დასაქმება და სოციალური დაცვის სისტემების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და დავადებათა პრევენცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური და სამართლებრივი დაცვა და რეაბილიტაცია, ასევე კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება და სპორტი.
რაც შეეხება ქველმოქმედებასა და საქველმოქმედო საქმიანობას, კანონპროექტის მიხედვით, ეს საქმიანობა შესაძლებელია განხორციელდეს დახმარების გაწევით იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის - მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ხანდაზმულთათვის, ობოლი ბავშვებისთვის, ძალადობის მსხვერპლთათვის, მარჩენალდაკარგულებისთვის, დევნილებისთვის, კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების შედეგად დაზარალებულების, სამედიცინო და სარეაბილიზაციო ცენტრებისთვის და ასე შემდეგ.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ფილანთროპიისა და ქველმოქმედების განხორციელების მნიშვნელოვან საფუძველს საზოგადოებრივი პარტნიორობა წარმოადგენს. საზოგადოებრივი პარტნიორობის მონაწილე პირები შეიძლება იყვნენ: სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ფიზიკური პირები, ბიზნეს ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, განათლების, კულტურის, მედიცინის, სპორტის და სხვა სფეროებში მოქმედი ორგანიზაციები.
პარტნიორობაში მონაწილე სუბიექტების წახალისების, ფილანთროპიული და საქველმოქმედო ორგანიზაციების განვითარების მიზნით, გათვალისწინებულია სტიმულირების მექანიზმები და შესაბამისი სუბიექტებისთვის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, მოგების გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება; საქველმოქმედო და ფილანთროპიული საქმიანობის შედეგად მიღებული თანხების ფიზიკური პირისთვის ქველმოქმედების ან ფილანთროპიის მიზნით გადაცემა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება; ასევე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება მცირე ბიზნესის დაწყების მიზნით ფილანთროპიული ორგანიზაციის მიერ ფიზიკურ პირზე ერთჯერადად გადაცემული ფულადი თანხა, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით. ასევე პროექტის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის, სამოქალაქო ან ბიზნესორგანიზაციის მიერ საკუთრებაში არსებული ქონების ფილანთროპიული ან საქველმოქმედო მიზნებით გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადისგან გათავისუფლდება. გადასახადისგან თავისუფლდება ფილანთროპიული ან საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარების მიზნით გამოყოფილი ფართისა და ინვენტარის გადაცემა, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მიღებულ შემოწირულობებთან დაკავშირებული სატელეფონო მომსახურება. ამასთან, პროექტის მიხედვით, სუბიექტის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებილი შემოსავლიდან, სრულად გამოიქვითება საქველმოქმედო ან ფილანთროპიული საქმიანობის მიზნით გაწეული ხარჯი.
გარდა ამისა, კანონპროექტში გათვალისწინებულია ნორმა, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს უფლებამოსილება ენიჭება, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთიდან (20%-დან) დასაბეგრი შემოსავლის 1% გადაუხადოს აღნიშნული კანონპროექტის შესაბამისად აღიარებულ ფილანთროპიის, ფილანთროპიული საქმიანობის და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს ფილანთროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების აღიარებას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას, რასაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს.
ავტორი: ნიუპრესი