|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მეწარმეობის ფარული სქემა – როგორ გახდა მილიონერი ქუთაისელი სოციალურად დაუცველი

ქუთაისელ „მილიონერს“ მიხეილ ჩხეიძეს,  რომელიც სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას იღებდა, newpress.-ge–ს ინფორმაციით,  ინდმეწარმეობისთვის ყოველთვიურად 100 ლარს უხდიდნენ. ამას ითვალისწინებდა გარიგება, რომელიც მიხეილ ჩხეიძის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ე.წ „მილიონერს“ ვინმე გამეზარდაშვილმა შესთავაზა.

თავად „მილიონერი“ ჩხეიძე კი ამჟამადაც ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობაზე ტვირთების გადამზიდად მუშაობს.

მიხეილ ჩხეიძის მეუღლის, მაია გვილავას თქმით, ვინმე გამეზარდაშვილმა მისი ქმარი ინდმეწარმედ 2011 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა, სანაცვლოდ კი ყოველთვიურად გამეზარდაშვილი ჩეიძეს 100 ლარს უხდიდა.

ასევე, პირადი საუბრებით ირკვევა, რომ ე.წ კეჩის ბაზრობაზე მომუშავე ვინმე გამეზარდაშვილი ჩხეიძის მსგავსად, ინდმეწარმედ  სხვა პირებსაც არეგისტრირებდა.

„უკვე ერთი წელი გავიდა, რაც  ჩემი ქმარი ინდმეწარმე აღარ არის. შესაბამისად, ის გასამრჯელო მოგვაკლდა, რასაც ჩვენი ოჯახი ინდმეწარმის საბუთის გამო იღებდა. ახლა ჩემი მეუღლის ყოველდღიურ გამომუშავებაზე ვართ დამოკიდებული. რასაც ის ტვირთის გადაზიდვით შოულობს. მილიონრები რომ ვიყოთ, პირველ რიგში ჩვენს შვილს ვუმკურნალებდით და ასეთ სახლში და პირობებში არ ვიცხოვრებდით,“ – ამბობს მაია გვილავა.

ე.წ „მილიონერის“ მიხეილ ჩხეიძის 4 სულანი ოჯახი ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, სულხან–საბას ქ #23–ში მდებარე კორპუსში ცხოვრობს. (ფოტოები მათი საცხოვრებელი ადგილიდან იხილეთ მალე newpress.ge-ზე).

რაც შეეხება ვინმე გამეზარდაშვილს, newpress.ge-ის ინფორმაციით ის ქუთაისში ე.წ კეჩის ბაზრობაზე მომუშავე ოლეგ გამეზარდაშვილია, რომელიც საბითუმო მაღაზიის მფლობელია.

თუმცა, აღნიშნულ ადგილას newpress.ge-ის მისვლისას მისი მაღაზია დაკეტილი დაგვხვდა. როგორც იქ მყოფი პირები ამბობენ, ოლეგ გამეზარდაშვილი სამსახურში ხვალ დილიდან იქნება. 

ავტორი: ანა ჯანაშია