„ჯართით მოგროვებული ფულით ვარჩენ შვილებს, სოციალური სამსახური გამუდმებით მატყუებს"
ქუთაისში მხოვრები სოციალურად დაუცველთა ნაწილი, სოციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან, დღემდე, შემწეობას მოლოდინში არიან. თუმცა, მათ დახმარების აღმოჩენას, ვერც მერიის აღნიშნული სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სთავაზობს.
ქუთაისში, სოციალურად დაუცველები, რომლებიც დღემდე ერთჯერადი მატერიალური დახმარებას უშედეგოდ ელოდებიან, იმედგაცრუებულები არიან.
ერთი–ერთი ასეთი, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ლეილა კუპრაძეა. კუპრაძე, თავის რჩენას მხოლოდ ჯართის შეგროვებით აღებული აღებული თანხით ახერხებს.
„ყოველ დღე ვაგროვებ რკინებს. შემდეგ ვაბარებ და იმდენს ვშოულობ, რომ შვილები შიმშილისგან არ დამეხოცოს,\\\" – ამბობს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ლეილა კუპრაძე.
37 წლის ლეილა კუპრაძე მარტოხელა დედაა, რომელიც ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად, გუგუნავას ქუჩის ტ 11 0 ში ცხოვრობს. თუმცა არც ეს კედელებია კუპრაძეების საკუთრება, რომლებშიც ღამეს ათევენ. რადგან შენობა, ღვინის ყოფილ სათავსოს წარმოადგენს.
სოციალურად დაუცველმა ლეილა კუპრაძემ, როგორც ირკვევა, დახმარებისთვის, ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში მიმართა. თუმცა სოციალურად დაუცველის მოთხოვნა, ერთჯერადი მატერიალური დახმარების თაობაზე, არ დააკმაყოფილეს.
„ხუთი შვილის მარტოხელა დედა ვარ, არ ვმუშაობ, ვცხოვრობ უკიდურეს გაჭირვებაში და მიუხედავად ამისა, სოციალური სამსახური დღემდე ვერ იმეტებს ჩემთვის დახმარებას. სოციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, კახა ქორიძემ ორჯერ დამიბარა და დახმარებას შემპირდა, თუმცა ისე წავიდა, ჩემი და ჩემი შვილების გაჭირვება არც გახსენებია,\\\" – ამბობს ლეილა კუპრაძე.
კუპრაძის თქმითვე, გაურკვეველი რჩება, თუ რატომ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზე. ის აღნიშნულ ფაქტს, უსამართლობას უკავშირებს.
„მე ჯართით მოგრივებული ფულით ვარჩენ შვილებს, სოციალური სამსახური კი გამუდმებით მატყუებს. ამის ფონზე კი ისეთ ადამიანებს ეხმარებიან, რომლებიც საკმაოდ კარგად ცხოვრობენ. მაგრამ აქ, ალბათ, ისევ ნაცნობ0მეგობრობა ჭრის. მე კი უკვე უსამართლობისა და უიმედობის განცდა მაქვს და არ მჯერა არც ახალი და არც ძველი სამსახურის უფროსების,\\\" – ამბობს კუპრაძე.
ქუთაისის მერიის სოციალური დაცვის სამსახურში მათი წინამორბედის საქმიანობაზე პასუხისმგებლობას იხსნიან და აცხადებენ, რომ სამსახურის თითქმის ცარიელი ბიუჯეტის გამო, დახმარებას მხოლოდ დამატებითი დაფინანსების შემთხვევაში შეძლებენ.
ავტორი: ანა ჯანაშია