ქუთაისის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა ცნობილია
ქუთაისში არსებული პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა უკვე ცნობილია. სამინისტროსთან არსებულმა 7 კაციანმა სარეკომენდაციო საბჭომ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. წინასწარი ინფორმაციით, მესხიშვილის თეატრს – თეატრის ყოფილი მმართველი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე, ოპერის თეატრს – ქუთაისის ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი და თოჯინების თეატრს – მეთოჯინე რეჟისორი, ლევან გაბრიჭიძე უხელმძღვანელებენ. საბჭომ ხმათა უმეტესებით და რიგ შემთხვევაში ყველა ხმით სწორედ მათზე გააკეთა არჩევანი.
„ამ ინფორმაციას არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, კულტურის
მინისტრის მიერ სანამ დანიშვნას ხელი არ მოეწერება, მანამ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით“,
– განაცხადა ლევან გაბრიჭიძემ newpress.ge-სთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატები მინისტრს წარედგინება
და მისი რეზოლუციის შემდეგ აღნიშნული პირები ოფიციალურად დაინიშნებიან თეატრების სამხატვრო
ხელმძღვანელებად.
სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად კონკურსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა. სამინისტროსთან არსებულმა 7 კაციანმა სარეკომენდაციო საბჭომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების საფუძველზე თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და კანდიდატები დასანიშნად წარუდგინა მინისტრს.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი