გიორგი მარგველაშვილი – 27 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით პრეზიდენტს
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრები იმერეთის რეგიონში გრძელდება.
დღეს, მარგველაშვილი ხონისა და სამტრედიის რაიონებს ესტუმრა და მოსახლეობას საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო.
კოალიციის კანდიდატი ამომრჩევლებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ წარუდგინეს. მოსახლეობასთან შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ელისო ჩაფიძე, ზვიად ძიძიგური და გიორგი კახიანი ესწრებიდნენ.
კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შეკრებილ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
„27 ოქტომბერს ჩვენ ყველა აქტიურად მივალთ საარჩევნო უბნებზე, შევცვლით პრეზიდენტს და იმ პირებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ის მცირე სიკეთე, რაც ჯერჯერობით არსებობს არ მივიდეს ხალხამდე,“ - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
„27 ოქტომბერს იქნება თითოეული ჩვენგანის, თითოეული ქართველის გამარჯვება, რომელიც დაწყებულია „ქართული ოცნების“ მიერ და ეს იქნება დამაგვირგვინებელი. გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად გახდება საქართველოს პრეზიდენტი,“ - აღნიშნა კახი კალაძემ.
კოალიციის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვალ ჭიათურისა და საჩხერის რაიონებს ესტუმრება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა