|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შეცვალა თუ არა მერიამ ღონისძიებების გრაფიკი ქუთაისში აქციის ჩასაშლელად?

კოალაიცია „ქართულ ოცნების“ ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ მათ ხელთ აქვთ დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ მერიამ ცენტრალურ მოედანზე გასამართი ღონისძიებების ნუსხაში 7 ივნისი მას შემდეგ ჩასვა,  რაც კოალიციამ ამავე დღეს მოედანზე აქცია დაგეგმა. შესაბამისად, ცენტრალურ მოედანზე აქციის ჩატარების ნებართვაზე თვითმმართველობისგან უარი მიიღეს. სანაცვლოდ, ალტერნატიული ფართი შესთავაზეს აღმაშენებლის ძეგლთან, ბალახვანში.

„ქუთაისი 1 ივნისიდან შემოქმედებითი კუთხით ძალიან გააქტიურდება. ჩვენ ვიწყებთ, ფესტივალს ,,არტ – ივნისი, რომელიც 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდება თეატრალური ფესტივალი, რომლშიც იმერეთის მასტაბით ყველა რეგიონის თეატრი მონაწილეობს. ენტრალურ მოედანზე გვექნება საინტერესო საღამოები ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. ქუთაისელებს საშუალებას ვაძლევთ თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ასეთი მასშტაბური ფესტივალი პირველად ტარდება,“ – ამბობს მერიის კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თემურ ცამციშვილი.

„ნიუპრესის” შეკითხვას, დაამთხვია თუ არა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ღონისძიებები დაგეგმილ აქციას, მერიაში ასე პასუხობენ: ,,დოკუმენტალურადაც დადასტურებულია, რომ 2 თვეა ეს ფესტივალი დავგეგმეთ და უკვე, 20 მაისიდან დაანონსებული იყო, რომ ეს ფესტივალი ქუთაისში გაიმართებოდა,“ – განმარტავს ცამციშვილი.

„ეს არის ხელისუფლების უგუნური თამაში. არავითარი ღონისძიება არ იყო დაგეგმილი. კარგად ვიცნობ მერიის შიდა სამზარეულოს. აფიშებზე 6 და 8 ივნისის ღონისძიებები ეწერა, 7 რიცხვი თავისუფალი იყო. მას შემდე, რაც ჩვენ შევიტანეთ განაცხადი, დაგეგმეს ეს კონცერტი, რადგან შეეშინდათ, რომ იგივე არ განმეორებულიყო რაც თბილისში. მაგრამ, ჩვენ არაფერს დავთმობთ, იქეთ დავათმობინებთ ხელისუფლებას,“ -  ამბობს კოალიაციაში შემავალი ,,რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნატო ქათამაძე.

ქუთაისში დაგეგმილი საფესტივალო დღეების ჩამონათვალში აღნიშნულია, რომ 7 ივნისს დილით 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ცენტრალურ მოედანზე #5 ბაგა–ბაღის ღონისძიება გაიმართება, შემდეგ, მესხიშვილის თეატრში #7 სკოლის წარმოდგენა იგეგმება, ხოლო 17:00 საათიდან 20:00 საათამდე ცენტრალურ მოედანზე ქუთაისელი ჯეოსტარელების  კონცერტი გაიმართება.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მათ ხელთ აქვთ დოკუმენტი, რომელიც დასტურდება, რომ 7 ივნისს მერიას ცენტრალურ მოედანზე არანაირი ღონისძიება არ ქონდა დაგეგმილი. კოალიციის ქუთაისის ოფისში აცხადებენ, რომ აღნიშნულ დოკუმენტაციას ხვალ წარმოადგენენ.

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა