ქუთაისის მერიაში გამართული შეხვედრით მოვაჭრეები იმედგაცრუებული დარჩნენ
ქუთაისელი მოვაჭრეები, ქუთაისის მერიაში გამართული შეხვედრით უკმაყოფილო დარჩნენ.
მოვაჭრეების თქმით, მათი პრობლემის გადაწყვეტა ვერც ქუთაისის მერიის ახალმა კადრებმა შეძლო. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მერის მოვალეობის შემსრულებლისგან, კოტე ლომიძისგან და ქალაქის ვიცე–მერისგან, თენგიზ თოფურიძისგან მათ დაპირებებიც ვერ მიიღეს.
"იმედგაცრუებული ვართ. როგორც შეხვედრაზე გვითხრეს, გარევაჭრობის აკრძალვა ქუთაისის მერიის კომპეტენციაში არ შედის. პასუხები ვერც იმაზე გაგვცეს, ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად ვის უნდა მივმართოთ," – ამბობს მცირე მეწარმე მზია სარალიძე.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე განმარტავს, რომ გარემოვაჭრეების დაჯარიმება და გარევაჭრობის აკრძალვა ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივა არ არის.
"ჩვენ გვაქვს საქმე კანონთან და არა მორალთან. გარევაჭრობის აკრძალვა და გარემოვაჭრეების დაჯარიმება შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმეა. თუმცა ჩვენ გვინდა გამოვძებნოთ გამოსავალი და რაღაც ფორმით დავარეგულიროთ გარემოვაჭრეებსა და მოვაჭრეებს შორის ურთიერთობა ისე, რომ დაზარალებული არცერთი მხარე დარჩეს," – ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, სავაჭრო ობიექტებში და ბაზრებში მომუშავე მოვაჭრეებმა, ქუთაისის მერიას მიმართეს. ისინი ქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ.
ავტორი: ანა ჯანაშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა