მინისტრის მოადგილე – ქუთაისში ნაგავსაყრელი ორ წელიწადში დაიხურება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, შოთა მურღულიას განმარტებით, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი წლების განმავლობაში პრობლემური იყო. სადაც მისივე თქმით, ახლა უკვე ნარჩენების ექსპლოატაცია მიმდინარეობს. აღნიშნული განმარტება, მურღულიამ ნაგავსაყრელის საექსპლოატაციო სამუშაოების დათვალიერების დროს გააკეთა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის ვიცე–მერი თენგიზ თოფურიძე.
როგორც ირკვევა, ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად,სამუშაოები ორ ეტაპად გაიყოფა. პირველ ეტაპზე ნარჩენების გადასწორება მოხდება, ხოლო მეორე ეტაპზე მისი სრული დამუშავება. როგორც ირკვევა, აღნიშნული სამუშაოები 5 თვეში დასრულდება. ხოლო
საერთო ჯამში, ნიკეას ნაგავსაყრელის საექსპლოატაციო სამუშაოებისათვის, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
"ახლა მიმდინარეობს ნაგავსაყრელის საექსპლოატციო სამუშაოები, რომელიც ნარჩენების დატკეპვნას ითვალისწინებს. საბოლოოდ, ნიკეას ქუჩაზე არსებული ნაგავსაყრელი ორ წელიწადში დაიხურება, მის ადგილას კი სკვერი გაშენდება," – განმარტავს შოთა მურღიულია.
მისივე თქმით, იმერეთის რეგიონალური ნაგავსაყრელი სოფელ ჭოგნარის ტერიტორიაზე განთავსდება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე ნაგავსაყრელი ექსპლოატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსირტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაეცა.
ავტორი: თეკლა მორგოშია