გოგი წულაია – სასწრაფო მძიმე პირობებში მუშაობს
„თავისუფალი საქართველოს” იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასწრაფო დახმარების შენობის საკითხი გააპროტესტა, რომელიც პროკურატურის მიერ იქნა მოკვლეული.
წულაიას თქმით, გამოძიების მიუხედავად, სასწრაფო დახმარების სამსახური კვლავ ბავშვთა ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განაგრძობს ფუნქციონირებას. სასწრაფო დახმარების სამსახური აღნიშნულ შენობაში გასული წლის ივლისში გადავიდა.
„სასწრაფო მძიმე პირობებში მუშაობს და მაშინ, როცა
სასწრაფოს ძველი შენობა, რომლის გარემონტებაზეც თანხები დაიხარჯა, ნადგურდება,“ – აცხადებს
გოგი წულაია.
პარტია „თავისუფალი საქართველოს” ლიდერი ითხოვს, რომ სასწრაფო
ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე გარემონტებული შენობაში
დაბრუნდეს. როგორც წულაია განმარტავს , აღნიშნული შენობის გასხვისების შესახებ ორი
ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტი არსებობს. ერთი ვერსიით, სასწრაფოს შენობა სიმბოლურ ფასად „ჩემი ოჯახის კლინიკას“ გადაეცა, ხოლო მეორე ვერსიით, აღნიშნულმა კომპანიამ
შენობა პრეზიდენტის განკარგულებით 240 000 ლარად შეიძინა.
„ჩემი ოჯახის კლინიკა“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საკუთრებას წარმოადგენს. რას აცხადებენ "ჩემი ოჯახის კლინიკაში"? newpress.ge მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ავტორი: დეა მანაგაძე