"ტენდერებში გამარჯვებული პირები „ნაციონალების“ დონორები არიან“
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ველობილიკის სამუშაოებზე
დასაქმებული მუშებისთვის დღემდე გაუცემელი სახელფასო დავალიანება, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს
„ლეიბორისტულ პარტიაში“. პარტიის ქუთაისის
ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სამსონ გუგავას თქმით, 2006 წლიდან, ქუთაისში ტენდერებში
გამარჯვებული ფირმები, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაახლოებული პირების საკუთრებაშია.
„ტენდერებში გამარჯვებული პირები
უშუალოდ არიან
„ნაციოლანების“ დონორები წინასაარჩევნოდ. ისინი
შემოსავლების ნახევარს მათ
ურიცხავენ, რათა
მომავალში ტენდერებში კვლავ
გაიმარჯვონ.
საწყალი მუშები კი არსებულ დავალიანებას, რომლითაც ოჯახები უნდა გამოკვებონ, უშედეგოდ
ელოდებიან, “ - აცხადებს სამსონ გუგავა.
აღმაშენებლის გამზირზე დასაქმებულ
ადამიანებს, კუთვნილი ხელფასი, დაახლოებით, ერთი წელია არ აუღიათ. კუთვნილი სახელფასო
დავალიანების ეტაპობრივად აღებას მუშებს დღეს, ქალაქის ვიცე–მერს ირაკლი ჯიქია დაჰპირდა.
აღმაშენებლის გამზირზე, ველობილიკის მოწყობის სამუშაოები კომპანია „ელბამ“ განახორციელა. მშენებლობაზე დასაქმებული მუშების თქმით, სამშენებლო კომპანია ,,ელბას“, თითოეული მათგანის მიმართ, დავალიანება 2000 ლარამდე აქვს. თავის მხრივ, „ელბას“ მიერ შესრულებული სამუშაოები, უხარისხობის გამო, ხელისუფლებამ არ ჩაიბარა, თავად კომპანიის საქმიანობას კი პროკურატურა სწავლობს.
„ხუთშაბათამდე უნდა მოგვიგვაროს პრობლემა
ბატონმა ჯიქიამ. უკვე, ერთი წელია ვითხოვთ ხელფასების აღებას, მაგრამ ჩვენი პატრონი
არავინაა. თითოეულ ადამიანს, 2000 ლარამდე გვაქვს ასაღები“ – ამბობს გიორგი გურჩიანი.
თუკი, პრობლემა არ მოგვარდება და უახლოეს
მომავალში, მუშები კუთვნილ ხელფასს არ აიღებენ, ისინი ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობით
იმუქრებიან.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე