პროკურატურამ პრეზიდენტთან ფეხით მიმავალი მშობლები დაკითხა
ზუგდიდიდან თბილისამდე საქართველოს პრეზიდენტთან ფეხით მიმავალი ქეთი გადელია და გელა არღვლიანი პროკურატურაში დაკითხეს. მშობლები ხარაგაულის ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა დააკავეს და ქუთაისის პროკურატურის შენობაში, იმერეთის სამხარეო პოლიციის მანქანით გადაიყვანეს.
დაკავებულ გადელიასა და არღვლიანს, ოლქის პროკურორი, გვიან საღამომდე ხვდებოდათ. როგორც გაირკვა, პროკურორი და სამხარეო პოლიციის თანამშრომლები დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებდნენ მშობლები მიხეილ სააკაშვილამდე მისვლას და ინფორმაციის მიწოდებას.
,,ნიუპრესის” შეკითხვას, თუ რატომ დააკავეს ხარაგაულში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული ახალგაზრდების მშობლები და უტარებდნენ დაკითხვას, პროკურატურის წარმომადგენლებმა დაკითხვის ფაქტი უარყვეს და უპასუხეს, რომ ოლქის პროკურორთან ჩვეულებრივ შეხვედრაზე იყვნენ.
საღამოს, დაკითხვიდან გამოსული ქეთი გადელია და გელა არღვლიანი, სამართალდამცავების თანხლებით, პროკურატურის შენობის უკანა კარებიდან გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. წინასწარი ინფორმაციით, გადელია და არღვლიანი, პოლიციამ ხარაგაულამდე გადაიყვანა, რის შემდეგაც მათ საშუალება მიეცათ თბილისისკენ გზა გაეგრძელებინათ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა