დაკითხვაზე „ქართული ოცნების“ წყალტუბოელი წევრებიც დაიბარეს
რამდენიმე წუთის
წინ წყალტუბოს პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს
ორგანიზაციის წევრები: მაია შალამბერიძე, კახა
ქუთათელაძე და ანი დოლაბერიძე.
„დაახლოებით 40
წუთის წინ დაგვირეკეს სამმართველოდან, თუმცა არაფერი უთქვამთ, თუ რატომ გვიბარებენ. დაგვემუქრნენ, მაქსიმუმ ერთ საათში არ
გამოვცხადდებით, ძალის გამოყენებით წაგვიყვანენ,“ – ამბობს კოალიცია „ქართული ოცნების“
წყალტუბოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი კახა ქუთათელაძე.
დაკითხვაზე მათი
დაბარების მიზეზი ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება, რასაც ქუთათელაზე უარყოფს.
მისი თქმით, წყალტუბოში ფლაიერების დარიგება დღეს დაიწყეს, რა დროსაც მოსახლეობას
10 ივნისს ქუთაისში გასამართ აქციაზე ეპატიჟებოდნენ და ასევე, უხსნიდნენ, რომ დაეწერათ თავიანთი არამატერიალური
ოცნებები.
„ვიცით კანონი და
ამ ფალიერების დარიგების დროს არ იყო საუბარი მატერიალურ ოცნებებზე. განსაკუთრებით,
გუშინ, ქუთაიში მომხდარი მოვლენების შემდეგ, გასაკუთრებით ვფრთხილობდით, რომ რაიმე
მსგავსი არ მომხდარიყო,“ – ამბობს კახა ქუთათელაძე.
კოალიციის წყალტუბოს ორგანიზაციის წევრები ამ წუთებში ადვოკატებს ელოდებიან, რომ პოლიციაში
გამოცხადდნენ.
„ჩვენ იურისტებს ველოდებით. არ ვიცით შემდეგ რა იქნება,“
– ამბობს კახა ქუთათელაძე.
შეგახსენებთ, რომ კოალიციის წარმომადგენელთა დაკითხვა პროკურატურამ გუშინ ქუთაისში დაიწყო. კოალიციას საგამომძიებლო ორგანო ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობას ედავება,
რის გამოც გამოძიება მიმდინაროებს.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის
წევრს მიშა მესხს იმერეთის სამხარეო სამმართველოში ამ დრომდე კითხავენ. ქუთაისში დაკითხვაზე კიდევ 5 ადამიანი ყავთ დაბარებული.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე