ქუთაისში დაკითხვაზე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი პირებიც დაიბარეს
"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს დაკითხვაზე გამოცხადებისთვის ვადა დღეს, 16:00 საათიდან 19:00 საათამდე გადაუწიეს. სამხარეო სამმართველოში დაბარებულნი არიან: კოალიციის ქუთაისის ოფისის მენეჯერი გელა გაბადაძე, კოალიციაში შემავალი "სახალხო პარტიის" ორგანიზაციის თავმჯდომარე მიშა ხეცურიანი, ასევე, კოტე ასათიანი და გელა გოშაზე და "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი ზაზა ელჩიბეგოვი.
ამ წუთებში იმერეთის სამხარეო სამმართველოში პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელთა დაკითხვა მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრს მიშა მესხს იმერეთის სამხარეო სამმართველოში დილიდან კითხავენ.
შეგახსენებთ, რომ კოალიციის წარმომადგენელთა დაკითხვა ქუთაისში პროკურატურამ გუშინ დაიწყო. დღეს დაკითხვაზე, ასევე, წყალტუბოს და ზესტაფონის წარმომადგენლებიც დაიბარეს. გამოძიება მათ ამომრჩეველთათვის მატერიალური დაპირების გადაცემის შემცველი ბლანკების დარიგებას ედავება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე