ქუთაისის მერიაში შესაძლოა, კონკურსის შეჩერება მოითხოვონ
ქუთაისის მერიის საკონკურსო–საატესტაციო კომისიის საფუძველზე შექმნილ საპრეტენზიო კომისიაში განცხადებების შეტანა დასრულდა. აღნიშნულ კომისიაში საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მიერ პირველ ეტაპზე დაწუნებულ კანდიდატთა საჩივრები განიხილება.
საპრეტენზიო კომისიას სულ ოთხმა კონკურსანტმა მიმართა.
მანანა მანაგაძე, ფიქრია ბერაძე, გიორგი რატიანი და რუსუდან ხაჭაპურიძე – ეს ის ადამიანები არიან, ვისაც საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ მეორე ეტაპზე გადასვლაზე, არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო, უარი უთხრა.
მანანა მანაგაძის და ფიქრია ბერაძის განმარტებით, მათ CV–თან ერთად ავტობიოგრაფია არ ჰქონდათ წარმოდგენილი. მათივე თქმით, თუკი საპრეტენზიო კომისიისაგან უარყოფით პასუხს მიიღებენ, კონკურსის მეორე ეტაპის შეჩერებას მოითხოვენ და სიმართლეს სასამართლოს გზით დამტკიცებას შეეცდებიან.
საპრეტენზიო კომისიას საჩივრების განხილვის 2 დღიანი ვადა აქვს. თუმცა, კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი რაულ ქორჩილავა, ამ დროისათვის მივლინებაში იმყოფება. საპრეტენზიო კომისიაში შესულ საჩივრებს კი ქორჩილავას მოადგილე, საკრებულოს აპარატის წევრი, დავით ბენიძე განიხილავს. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, საბოლოო ვერედიქტი საკონკურსო–საატესტაციო კომისიას გამოაქვს.
კონკურსის პირველი ეტაპი მიმდინარე კვირას დასრულდა. მორიგი ეტაპი, რომელიც კონკურსანტებთან გასაუბრებას ითვალისწინებს, მომავალი ორშაბათიდან დაიწყება.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა