|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დააჯილდოვეს

 იმერეთის რეგიონის  საჯარო სკოლების  200 მეათეკლასელს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ, ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ და ვიცე - გუბერნატორმა გიგა შუშანიამ, კომპიუტერები გადასცეს. დაჯილდოებულმა მოსწავლეებმა  წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე - 7, მე- 8, მე - 9 კლასები). წელს, საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით 1022 წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.

,,უკვე რამდენიმე წელია წარმატებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სახელმწიფოსგან კომპიუტერით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი წარმატებაა ამ ბავშვებისთვის. სახელმწიფოსთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის შრომა იყოს დაფასებული და თავიდანვე ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ მათი შრომა სათანადოდ დაფასდება“ - აღნიშნა ირინა ქურდაძემ.

პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს სკოლების წარჩინებული მოსწავლეების წახალისება და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

,,ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო განათლების სამინისტროს, ჩემს მშობლებს, რომლებიც სულ გვერდში მედგნენ  და მეხმარებოდნენ. შესაბაისად, ჩემი შრომა დაფასდა და დღეს საჩუქრად კომპიუტერი მივიღე“ - ამბობს გიორგი მუკბანიანი.

2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011-2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10, დამრგვალების გარეშე. 

წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისებას განათლების და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გეგმავს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე