|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ID ბარათები უფასოდ – სხვა ფასდაკლებების პერსპექტივით

ქუთაისის იუსტიცის სახლში სტუდენტური ბარათების გაცემა დაიწყო. ცნობილი ხდება, რომ  იმ ბარათების ფუნქციას, რომელმაც პრეზიდენტის დაპირების მიხედვით სტუდენტებს ცხოვრება  უნდა გაუადვილოს, ID ბარათი შეითავსებს. ამ უკანასკნელს კი, პრეზიდენტის ახალი ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტებისთვის უფასოდ გასცემენ.

როგორც ქუთაისის იუსტიციის სახლში აცხადებენ, სტუდენტური ბარათების გაცემა გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობს.  დაწესებულებაში  სტუდენტების მიერ ბარათზე მოთხოვნის ამსახველი ერთგვარი სტატისტიკაც აქვთ და აცხადებენ, რომ დღეში დახლოებით 200 სტუდენტი აკითხავთ.

„შეიძლება ეს რიცხვი 300–მდეც ავიდეს. ეს გახლავთ ჩვეულებრივი,  პიროვნების იდენტიფიცირების საშუალება, რომელზეც პიროვნების მონაცემებთან ერთად მითითებულია პერიოდი, რომლის განმავლობაში პირს სტუდენტის სტატუსი უნარჩუნდება,“ – ამბობს იუსტიციის სახლის წარმომადგენელი თინათინ კუპრაშვილი.

ის შეღავათები, რომლებიც აღნიშნული ბარათით არის გათვალისწინებული და რომელმაც სტუდენტებს „ცხოვრება უნდა გაუმარტივოს“ შემდეგია: 15–20 პროცენტიანი ფასდაკლება საქართველოს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას, ასევე, სხვადასხვა სახის ფასდაკლება სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ინტერნეტითა და მობილური ტელეფონით სარგებლობისას. გარდა ამისა, ბარათით ფასდაკლებაა გათვალისწინებული  კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას. როგორც განათლების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდიდან ირკვევა, ბარათის გამოყენება შესაძლებელია კვების ობიექტებში,  სპორტულ–გამაჯანსაღებელ ცენტრებსა და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებაში.

თავად სტუდენტების აზრი სტუდენტური ბარათით გამარტივებული ცხოვრების შესახებ განსხვავებულია.  მათი ნაწილი აცხადებს, რომ ბარათთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი აქვთ.

„რამდენად გაამართლებს ეს სხვა საკითხია. ისე დიდი იმედი გვაქვს.  კარგია ის, რომ პირადობის მოწმობებს უფასოდ გასცემენ. მე პრეზიდენტის გამოსვლიდან ვიცი რა შეღავათებიც უნდა იყოს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია თვითონ ტრანსპორტში ან  კვების ობიექტებში, რამდენად მოხდება ბარათის მიღება. მე ID ბარათი მჭირდება და ისიც მაწყობს უფასოდ რომ გვიკეთებენ,“ – ამბობს სტუდენტი მეგი ვაშაყმაძე.

სტუდენტების დარჩენილ ნაწილს ბარათის შესაძლებლობებთან დაკავშირებით საუბარი უჭირს.

„ბარათს  მიმდინარე კვირაში ავიღებ,  მაგრამ ქუთაისში რა იქნება?  ტრანსპორტით რომ ვიმგზავრებ, რამდენად შევძლებ მის გამოყენებას,  დაპირებების რეალურობის შესახებ დასკვნას ამის შემდეგ გავაკეთებ,“ – ამბობს სტუდენტი დათო ჭეიშვილი.

სტუდენტებისათვის სტუდენტური ბარათით  ცხოვრების გამარტივების იდეა  ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის. აღნიშნული ინიციატივა მან პირველად, აგრარულ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააჟღერა.

„ჩვენ უნდა შემოვიღოთ ქართული სტუდენტური ბარათი. ამ ბარათით სტუდენტებს უნდა მიეცეთ პრივილეგია და გავუადვილოთ ცხოვრება,“ – განაცხადა მაშინ ქვეყნის პირველმა პირმა.

სტუდენტური ბარათებით ცხოვრების გამარტივების აქციაში ჩართვა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეუძლიათ.  აღნიშნული ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობა სტუდენტებს მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მიეცემათ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა