ჭიაბერაშვილმა ქუთაისში სამედიცინო კონფერენცია გახსნა
ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, სამედიცინო
რეგიონული კონფერენცია გახსნა დღეს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისში. პროექტი მიზნად ისახავს ამბულატორიებისა და ჰოსპიტალებში
მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესებას. ასევე, სამედიცინო დაწესებულებებში საუკეთესო
კლინიკური პრაქტიკის შედეგების გავრცელებას.
შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის
გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე
ისაუბრა.
„შეხვედრის ამოცანაა, როგორ გავაუმჯობესოთ თითოეული
პაციენტის მკურნალობა. აქ შეკრებილია ძირითადად იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების
წარმომადგენლები. ჩვენი მთავარი საზრუნავი დღეს არის ექიმის და ექთნის კვალიფიკაცია.
ყველა პაციენტი უნდა იყოს გარანტირებული მაღალკვალიფიციური მომსახურებით“ – განაცხადა
ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
იმერეთის რეგიონის ექინებისთვის, გამოცდილებს გაზიარების
მიზნით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ქართულ–ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გურულმა. აშშ–ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა
ღონისძიებაში მონაწილე კოლეგებს საკუთარი კლინიკური
პრაქტიკის მაგალითები გააცნო.
„საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმებისათვის, ძალიან
მნიშვნელოვანია იმ კონტაქტების აღდგენა, რომელიც საქართველოში დარჩენილ კოლეგებთან
გვქონდა. არ წავსულვართ ჩვენ სამუდამოდ და დიდი სურვილი გვაქვს რეინტეგრაცია მოვახდინოთ
საქართველოში, საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული
სამედიცინო ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის და დავეხმრაოთ იმ პრობლემების გადაჭრაში,
რაც ამ სისტემაში არსებობს“ – აღნიშნა ზურაბ გურულმა.
ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი 2012 წლის თებერვალში
დაიწყო და მას აშშ– ს საერთაშორისო სააგენტო ახორციელებს. დასავლეთ საქართველოდან პროექტში
4 ჰოსპიტალი და 4 ამბულატორია მონაწილეობს.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე