|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გლობალ ტვ“-ის დაყადაღებული ტექნიკა ქვიტირში

კომპანია ,,გლობალ ტვ“-ს კუთვნილი ტექნიკა დააყადაღეს დღეს წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირშიც. "გლობალ ტვ“-ს წარმომადგენელი აცხადებს, სამართალდამცავებმა ტექნიკის აღრიცხვა და დაყადაღება, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე დაიწყეს.

კომპანიის წყალტუბოს ოფისში სამართალდამცავები დაახლოებით 14:00 საათზე გამოჩნდნენ. სამართალდამცავებმა კომპანიის ოფისი რამდენიმე საათში დატოვეს, ხოლო ტექნიკა საწყობში ჩაკეტეს და ლუქი დაადეს.

,,დაახლოებით ორი საათი სამართალდამცავები შიგნით იმყოფებოდნენ. 3 -4 ფორმიანი ადამიანი იყო მოსული. დანარჩენები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. არანაირი დოკუმენტაციები არ წარმოუდგენიათ“ - ამბობს სოფელ ქვიტირში სახლის მეპატრონე ლიანა ხარაბაძე, სადაც „გლობა ტვ“ ოფისი აქვს გახსნილი.

,,მოვიდნენ და მითხრეს, რომ უნდა აღვწეროთ და დავაყადაღოთ ქონებაო. შენი კი არა, რაც ამათი მოტანილიაო. მე ვუთხარი, კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგითქო“ – აღნიშნა ზურაბ ხარაბაძემ.

როგორც ,,გლობალ ტვ“-ს წარმომადგენელი აცხადებს, სამართალდამცავებმა ტექნიკის აღრიცხვა და დაყადაღება, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე დაიწყეს.

,,დაახლოებით ორი საათი იქნებოდა შემოვიდა რამდენიმე ადამიანი. თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია. მითხრეს, რას აკეთებ ბიჭო, ადექი ფეხზეო. ავდექი, გავხედე და უცხო ადამიანები იყვნენ. მითხრეს, დაანებე ,,რესივერების“ დაპროგრამებას თავი და ქვემოთ ჩამოდიო. იარაღი როცა დავინახე, მივხვდი პოლიციელები იყვნენ. აზრზეც ვერ მოვედი იმ წუთას რა ხდებოდა. რაც ტექნიკა გვქონდა, ელექტრო-თეფშები, სატელიტები, დალუქეს.  არანაირი საბუთი არ უჩვენებიათ. ერთადერთი მოთხრა, ვინ ხარ, რა გინდა და რას აკეთებო,“-  ამბობს მთავარი მემონტაჟე ჯონი კაპანაძე.

სამართალდამვაცები ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსის თქმით, აღნიშნული ობიექტი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაილუქა.

,,სასამართლო გადაწყვეტილებით დაილუქა აღნიშნული ობიექტი. დანარჩენი კითხვებით, რაც გაინტერესებთ, მიმართეთ პრეს- სამსახურს“ - აღნიშნა ,,ნიუპრესთან“ საუბარში წყალტუბოს პოლიციის სამმართველოს უფროსმა ამირან გუმბერიძემ.

,,გლობალ ტვ“ - ის კუთვნილი ტექნიკის დაყადაღება დღეს დაიწყო. სამართალდამცავებმა კომპანის ოფისები თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დალუქეს. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა