|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კომპანია „გლობალ TV“ – ის ბოლო ობიექტი დაყადაღებულია

კომპანია ,,გლობალ TV“ –ს ბოლო საწყობი სამართალდამცავებმა ნახშირღელეში, გუშინ, გვიან ღამით,  დააყადაღეს. 24:00 საათიდან, პოლიციელები ადგილზე გათენებამდე მუშაობდნენ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტექნიკური პერსონალი სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლიდან, ძალის გამოყენებით გამოაძევა.

,,ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. შემოცვივდნენ სახლში და აბსოლუტურად ყველა გამოგვიყვანეს გარეთ,“ – აღნიშნა ,,გლობალ TV“ – ს მენეჯერმა ნოდარ კამკამიძემ.

ნახშირღელეში სახლის მეპატრონის განცხადებით, დოკუმენტი რომელიც სამართალდამცავებმა წარუდგინეს, ხელმოწერილი იყო, თუმცა, ბეჭდით არ იყო დამოწმებული.

,,საბუთს ბეჭედი არ ჰქონდა. მგონი ხელს მოსამართლე აწერდა. მითხრეს, დოკუმენტის ერთი ასლი დაგრჩებაო, მაგრამ აღარ დაუტოვებიათ, ალბათ, დაავიწყდათ“ – ამბობს სახლის მეპატრონე ზურა კუბლაშვილი, სადაც ,,გლობალ TV” -  ს ნახშირღელეს ოფისია განთავსებული.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამართალდამცავებმა ტექნიკის მხოლოდ ნაწილი წაიღეს.

„ოფისში 300–მდე თეფში იყო, რომლის დაყენებასაც ხვალ ვგეგმავდით. მათ ,,რესივერების“ წაღება ევალებოდათ. ოფისში ახლა 61 ,,რესივერია“ დატოვებული“ – აღნიშნა ,,გლობალ TV” – ს მენეჯერმა ნოდარ კამკამიძემ.

კომპანია ,,გლობალ ტვ“ –ის კუთვნილი ანტენების დაყადაღება, გუშინ მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ერთდროულად დაიწყო და ამ დროისთვის, 60 000 – მდე ანტენაა დაყადაღებული.

კომპანია მოხდარის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. სარჩელის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს 15 : 00 საათზეა დაგეგმილი. 

ავტორი: ხათუნა მაისურაძე