„თუკი მუშები პირობებზე არ წამოვლენ, იძულებული ვიქნებით საწარმო დავხუროთ“
ზესტაფონში „ჯორჯიან
მარგანეზის“ ქარხნის 800 - მდე მუშა, რომლებიც
ხელფასის 50 %–ით გაზრდას მოითხოვენ, საწარმოს შენობის წინ აქციას ამ წუთებშიც მართავენ.
ქარხნის ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ჯერ კიდევ არ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ, ქარხნის მხრიდან ანაზღაურების 35% - ით გაზრდის შეთავაზება
ამ დრომდე ძალაში რჩება.
აქციის მონაწილეები უკვე ოთხი თვეა ანაზღაურების მომატებას
უშედეგოდ ითხოვენ. მათი თქმით, გაუსაძლის სამუშაო პირობებში არსებული ხელფასები არასაკმარისია.
„იმ პირობებში სადაც ვმუშაობთ ძალიან დაბალი ხელფასები
გვაქვს. მოვიდეს ნებისმიერი და ნახოს როგორი სამუშაოა ღუმელთან 400 და 500 ლარად. ჩვენს
უკან ჩვენი ოჯახები დგას. 4 თვეა ვითხოვთ, რომ ცოტა მაინც გაეზარდათ ანაზღაურება, თუმცა
უშედეგოდ, ახლა უკვე ხელფასის 50 % მომატების მოთხოვნით შევიკრიბეთ. სხვა არცერთ პირობას
არ დავთანხმდებით,“- ამბობს აქციის ერთ–ერთი მონაწილე კოტე ჯოხაძე.
,,50 % კი არა,
150 % -ით უნდა გაგვიზარდონ ხელფასები, ისეთ პირობებში ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ
ხელფასების გაორმაგებას ვითხოვთ. რაც მათთვისაც ხელმისაწვდომია და ჩვენთვისაც სასარგებლო“
- ამბობს მამუკა გაბრიჭიძე.
გაფიცულ მუშებთან „ჯორჯიან მარგანეზის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი
რაულ ფიფია მივიდა
და აქციის
მონაწილეებს ხელფასის 35 %–ით გაზრდას და დანამატის
სახით 10%–ს პრემიებს დაპირდა. რაულ ფიფიას თქმით, საწარმოს ხელფასების გაორმაგების
საშუალება არ აქვს.
„ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ.
ეს არის ხელფასის 35 %–ით მომატება და 10 % პრემია. მეტის საშუალება საწარმოს არ აქვს.
მთელი დღეა მოლაპარაკებას ვმართავთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. თუკი მუშები ამ პირობებზე
არ წამოვლენ, მაშინ იძულებული ვიქნებით საწარმო დავხუროთ. ეს მაქსიმუმია რაც შეგვიძლია,
რომ აქციის მონაწილეებს შევთავაზოთ“ - აღნიშნა რაულ ფიფიამ.
აქციის მონაწილეებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი
ლიდერი გუბაზ სანიკიძეც შეუერთდა. სანიკიძის გამოჩენამ აქციის მონაწილეების პროტესტი
გამოიწვია, რაც კამათში გადაიზარდა.
გაფიცული მუშების ნაწილი „ჯორჯიან მარგანეზის“ ხელმძღვანელობის
მიერ შეთავაზებულ გაზრდილ ანაზღაურებაზე დათანხმებას არ აპირებს. ისინი ხელფასების
გაზრდასთან ერთად, შრომის პირობების გაუმჯობესებასაც მოითხოვენ.
საწარმოს ადმინისტრაციის განცხადებით კი, დაახლოებით
ერთ თვეში, მუშების ანაზღაურების საკითხი კვლავ გადაიხედება.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე